ბათუმის ნავსადგურის შესასვლელში საპროტესტო აქცია „არა ქიმიურ ტერმინალს“ გაიმართა. საზოგადოება „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“, რომელსაც პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის სახლის წინ კარავი აქვს გაშლილი, ნავსადგურში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობას ეკოლოგიურ საფრთხედ მიიჩნევს და მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.
ისინი აცხადებენ, რომ მათ მოთხოვნას ნავსადგურის თანამშრომლებიც უერთდებიან.
„ჩვენ გაზაფხულზე კარავიც დავდგით პროტესტის ნიშნად, თუმცა ხელისუფლებამ გვთხოვა, საკურორტო სეზონზე ეს ნეგატიურად აისახებაო, დათმობაზე წავედით და კარავი ავიღეთ, არ გვინდოდა ქალაქის ინტერესების დაზიანება. სამი კვირის წინ კი გავიგეთ, რომ ტერმინალის გამალებული მშენებლობა მიდის. ჩვენ ამას არ შევეგუებით. აქ სოლიდარობის ნიშნად მოვედით, ჩვენს მოთხოვნებს ნავსადგურის თანამშრომლებიც იზიარებენ“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვატო მეგენეიშვილმა.
ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალს ამერიკული კორპორაცია „ტრამო“ ააშენებს. შესაბამისი ხელშეკრულება აჭარის მთავრობას და ამერიკულ კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის მოეწერა ხელი.
კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.