საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (SUTIP) ფარგლებში საქართველოს გზების დეპარტამენტთან ერთად მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდის მშენებლობასა და ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს.
პირველადი პროექტის საჯარო განხილვა დღეს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. პროექტის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც პროექტის წარდგენისას ითქვა, ახალი ხიდის მშენებლობა თბილისი-სენაკი-ფოთის მაგისტრალური გზის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება და მნიშვნელოვნად გაზრდის არსებული გზის გამტარუნარიანობას და უზრუნველყოფს ფოთთან შეუფერხებელ კავშირს ჩრდილოეთის მხრიდან. პროექტი ესპანური კომპანია „ევროსტუდიოს“ მიერ მუშავდება და ღირებულება 41 მილიონ ლარს შეადგენს.
მშენებლობის და ექსპლუატაციის ეტაპებზე ფიზიკურ, ბიოლოგიურ და სოციალურ გარემოზე პროექტის ზემოქმედების დასადგენად დაგეგმილია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება. კვლევის პროცესში განხილული იქნება შესაძლო ალტერნატივები.
ფოთის შესასვლელში, მდინარე რიონზე ამჟამად არსებულ ხიდს საფრთხე ემუქრება. ხიდი, რომელიც ჰიდროკვანძის ფუნქციასაც ასრულებს და მდინარე რიონის შავ ზღვაში ჩადინებას არეგულირებს, სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთსა და ხობს დატბორვა ემუქრება. ქალქის მერიაში ამბობენ, რომ ახალი ხიდის მშენებლობა ერთ წელიწადში დაიწყება.