სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება

992

2019 წლის 1 სექტემბრიდან სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ნაწილი 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. კოდექსის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლში შესული ცვლილებებით, სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრა:  3500 სანტიმეტრ კუბზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი – თვეში 300 ლარი; 2500 – 3500 სანტიმეტრ კუბის მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი – თვეში 200 ლარი; 2500 სანტიმეტრ კუბზე ნაკლები მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი – თვეში 100 ლარი; ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში, ნებისმიერი ძრავის მოცულობა – თვეში 60 ლარი.

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, დაბეგვრის ახალი წესი არ ეხება ელექტრომობილებს. (დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ელექტრომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.)

დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება დამქირავებელს ეკისრება.

საკანონმდებლო ცვლილების მიღების მიზეზია ავტორების განმარტებით, დამქირავებლის ავტომობილის მოხმარებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა, რის გამოც ის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება.