ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს მიმდინარე წელს 3 363 ტურისტი ეწვია, 2018 წელს კი 4 616. ყველაზე მეტი ტურისტი დაცულ ტერიტორიებს სომხეთიდან და გერმანიიდან ესტუმრა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
2018 წელს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიას 4 616 ტურისტი ეწვია, აქედან 2 417 ქართველი ვიზიტორია, ხოლო 2 199 უცხოელი. როგორც დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, ამ წელს ტურისტების ძირითადი ნაკადი სომხეთიდან შემოვიდა.
2019 წელს (წინა კვირის მონაცემებით) 3 363 ტურისტი დაფიქსირდა. აქედან 1 727 ქართველი, ხოლო 1 636 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს, უფრო მეტი ტურისტი გერმანიიდან შემოვიდა.
ტურისტები, ჯავახეთის დაცული ტერიტორიებს სტუმრობენ ავსტრიიდან, ამერიკიდან, ბელარუსიიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და რუსეთიდან.
როგორც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი თამაზ მეტრეველი გვეუბნება, ვიზიტორები ძირითადად კარწახს, მადათაფას ტბას, ხანჩალის ტბასა და ვერხვების კანიონს სტუმრობენ.
„წელს უფრო ბევრი ვიზიტორი გვყავს ვიდრე შარშან, აგვისტოა და უკვე 3 363 გვყავს, ნოემბრის ბოლომდე 2000–ს კიდევ ველოდებით“, – ამბობს მეტრეველი.
მისივე თქმით, სააგენტომ ხელშეკრულებით რეინჯერი–გიდი აიყვანა, რომელიც ამ ეტაპზე ვიზიტორებს უფასოდ ემსახურება.