ოპოზიციასა და არასამთავრობოებს საარჩევნო კანონმდებლობის პროექტზე შენიშვნები აქვთ

1164

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ეთანხმება, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვს. მათ არ მოსწონთ სარეკლამო ტექსტის რეგულირება, რომლის მიხედვითაც ნეგატივზე კამპანიის მხოლოდ 25% შეიძლება იყოს აგებული. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“წარმოდგენილი ვარიანტი, რომელიც ეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, არის ჩვენთვის მისაღები და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გარკვეული წინადადებები, როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება და დახვეწა. მაგალითად, დაშვებული იყოს პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკების შექმნა. ამის აკრძალვის ვერანაირ რაციონალურ მიზეზს ჩვენ ვერ ვხედავთ“, – აცხადებს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს მხარს უჭერს “ნაციონალური მოძრაობაც“.

“ჩვენ მხარს დავუჭერთ ამას, რათა პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კანონში აისახოს, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ​თალაკვაძე-კობახიძის ხელით ივანიშვილმა შემოგვთავაზა. კანონპროექტი ორიენტირებულია იმაზე, რომ რამენაირად შეიზღუდოს ან შეფერხდეს ოპოზიციური პარტიების საქმიანობა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია საარჩევნო ბლოკების აკრძალვა“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფინანსების ხარჯვაზე ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს.

“სამ პარტიას – “ქართულ ოცნებას“, “ნაციონალურ მოძრაობას“ და “ევროპულ საქართველოს“ დაგროვილი აქვთ ნაძარცვი ათეულობით მილიონი, რომლებსაც არჩევნებში ხარჯავენ, მე კი დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას, ეს არ არის თანასწორი მიდგომა. უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი – საქართველოს პირობებში ეს უნდა იყოს 1 მილიონი ლარი“, – განაცხადა “თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

საარჩევნო რეკლამის რეგულირებაში ხედავს პრობლემას მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, თავად პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, საარჩევნოდ რა ტიპის კამპანია სურს – პოზიტიური თუ ნეგატიური. მათი თქმით, ამ შეზღუდვით გამოხატვის თავისუფლება ილახება.

“წარმოდგენილი ვერსია არის საკმაოდ სუსტი. ჩვენი, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების, წარმომადგენლობების და ეუთოს რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი გათვალისწინებული არ იყო. გამოხატვის თავისუფლების კუთხით პრობლემურია შემოთავაზებული ჩანაწერი სიძულვილის ენასთან დაკავშირებით“, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო​ს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.

“ის, რომ 2018 წლის წინასაარჩევნო პროგრამა დისკრედიტაციაზე იყო აგებული, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს არ იყო მისაღები ფორმა. თუმცა ახლა შეზღუდვები წესდება რეკლამაზე, რაც, ჩვენი წარმოდგენით, წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან. საარჩევნო სუბიექტს უნდა შეეძლოს, თავად გადაწყვიტოს, რა ტიპის საარჩევნო კამპანიას აწარმოებს“, – ამბობს “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორი ნატა ძველიშვილი.

საქართველოს მთავრობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების მესამე რაუნდის დაწყების შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.