ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ ბათუმში ახალი სკვერი საზეიმოდ გაიხსნა.
აჭარის მთავრობის ცნობით, სკვერში 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. დაიგო ფილები, მოეწყო შადრევანი და საპარკინგე სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია. საგანგებოდ ამ დღისთვის, სკვერის გახსნაზე ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი უკრავდა.
“ბათუმს შეემატა კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე, კიდევ ერთი ახალი სკვერი, რომელიც უფრო გამწვანდება შემოდგომიდან. მნიშვნელოვანია, რომ პატარებს, უფროს თაობას ამ ქალაქში ჰქონდეს ყველა პირობა დასვენებისთვის. ასევე, დაიწყება “ინტერაქტივი“ სკვერის სახელწოდებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს ჩვენი თანაქალაქელები აქტიურად ჩაერთვებიან გამოკითხვაში”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.