ქუთაისის მერიამ ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის პროექტი შეცვალა. უკვე ცნობილია, რომ მისი რეაბილიტაცია ახალი ესკიზის მიხედვით მოხდება და არა ძველი ვერსიით, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოებას გასულ წელს გააცნო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მერიას პროექტის შეცვლა ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილების გამო მოუწია, რომელმაც კიბეების მიმდებარედ, მის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთი ქუთაისს მოთხოვნის მიუხედავად არ გადასცა. სამაგიეროდ, კერძო პირზე გაყიდა.
ეკონომიკის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მერიამ პროექტი შეცვალა და ის ქალაქის ბალანსზე არსებულ საზღვრებში მოაქცია.
“ეს არის წინა პროექტისგან განსხვავებული, იმიტომ, რომ იქ განსაზღვრული იყო როგორც ას საფეხურიანი კიბე, ასევე, დიდი სარეკრეაციო სივრცე, რაც იყო ეკონომიკის სამინისტროსი. რადგან ასე განვითარდა მოვლენები და ამ სივრცის გადმოცემა ჩვენთვის არ მოხდა, ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია და დამუშავდა ახალი, ძალიან კარგი პროექტი“,- განაცხადა ქუთაისის მერიის ა(ა)იპ არქიტექტურის სააგენტოს უფროსმა, რუსუდან ჩიჩალაძემ.
ქუთაისის მერიამ ბალახვანის ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია გასული წლის დასაწყისში დაანონსა. მერიამ მაშინ ესკიზიც გაასაჯაროვა და განაცხადეს, რომ სამუშაოებისთვის 500 000 ლარს დახარჯავდნენ. მოგვიანებით, გაირკვა, რომ მერიის მიერ შედგენილი პროექტი ტერიტორიის იმ ნაწილს მოიცავდა, რომელიც მის ბალანსზე არ იყო. ამის შემდეგ, თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში მერია პროექტის არგანხორცილების გამო თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი ეკონომიკის სამინისტრო იყო, რომელიც ქალაქს პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიას არ უთმობდა. ახლა კი ირკვევა, რომ მერიას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ შეეძლო პროექტი შეეცვალა და სამუშაოები დაეწყო და თუ ასე მოხდებოდა, კიბეების რეაბილიტაცია ახლა უკვე დასრულებული იქნებოდა, რადგან პირველი პროექტის შესრულების ვადა სწორედ ამ დროზე იყო გათვლილი.
ახალი ესკიზის მიხედით ბალახვანის ას საფეხურიანი კიბე ასეთი იქნება
ძველი ესკიზის სანახავად გადადით ბმულზე.