დღეიდან საპილოტე პროექტის ფარგლებში, კოტე აფხაზისა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. კოტე აფხაზის ქუჩის მცხოვრებლები და ელექტრომობილების მფლობელები შეღავათებით ისარგებლებენ და პარკირების საფასურს არ გადაიხდიან, თუმცა მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა მოუწევთ დედაქალაქში დასაქმებულებს და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება.
მერიის ამ გადაწყვეტილებამ მიმდებარე ტერიტორიებზე დასაქმებულების გარკვეული ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. თბილისის მერის თქმით კი, ზონალური პარკირება ზუსტად იმიტომ არის საინტერესო, რომ მოქალაქეებმა ავტომობილებზე უარი თქვან.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსახლეობას შევუქმნათ ისეთი კომფორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, რომ ადამიანი საკუთარი ავტომობილით კი არ მივიდეს სამსახურში, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე კრიტიკას.
თბილისის მერმა საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერიამ ჯარიმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა.
“ჯარიმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე შეგვაქვს ცვლილებები. მაგალითად, გააჩერა ადამიანმა და არ გადაიხადა პარკირების საფასური, ამაზე 10 ლარია ჯარიმა. მომზადებული გვაქვს ცვლილებები. სექტემბრიდან, როდესაც უკვე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს, ცვლილებები განხორციელდება და ჯარიმები 50 ლარამდე გაიზრდება“, – განაცხადა კალაძემ.