ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყო ახალი პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფის“ განხორციელება. ორშაბათს სპეციალური ავტომანქანა, რომელიც აღჭურვილია სარეცხი მანქანით, ჰიგიენური და თავის მოვლის საშუალებებით, ასევე საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარით, ეწვევა პროექტით მოსარგებლე პირველ ხანდაზმულს სოფელ ყულიშკარში.
პროექტის სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენენ, რომელთაც არა აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური საშუალება მოიწესრიგონ საცხოვრებელი გარემო-პირობები.
„ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფის“ პრეზენტაცია დღეს გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელსაც საჯარო მოხელეების პარალელურად არასამთავრობო სექტორი და მედია დაესწრო.
გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, გოგი რევიას განცხადებით, პირველ ეტაპზე წინასწარ, ადგილზე მისვლის პრინციპით შეირჩა 30 ხანდაზმული და 4000 ლარად შეიძინეს მიკროავტობუსი, რომლის აღჭურვაშიც სხვადასხვა ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უსასყიდლოდაც მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამედიცინო სფეროს წარმომადგელენთა, დამლაგებლთა და ახალგაზრდა მოხალისეთა მობილური ჯგუფიები, რომლებიც მარტოხელა მოხუცებს მოუწესრიგებენ საცხოვრებელ გარემოს, კარ-მიდამოს, იზრუნებენ მათ ჯანმრთელობასა და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.
პროექტს მუნიციპალიტეტის გამგეობა ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) მხარდაჭერით ახორციელებს. ის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის ღირებულება 18 ათასი ლარია. აქედან 6 ათასი გამგეობამ თანადაფინანსების სახით გაიღო. „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფის“ ხანგრძლივობა 7 თვეა, თუმცა როგორც გამგებელმა ლაშა გოგიამ განაცხადა მას მომავალში გამგეობა გააგრძელებს.
პროექტის პრეზენტაციაზე სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა პარალელურად გამგეობის სოციალური პროექტები წარადგინა. მისი ცნობით, გამგეობა 12 სოციალურ პროგრამასა და 36 ქვეპროგრამას ახორციელებს.
წყარო: ლაივპრესი