თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა

2070

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში ხორცის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო და სწრაფი კვების ობიექტი “ჩება“ გახსნეს. საწარმოში 15-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

როგორც თეთრიწყაროს მერიაში აცხადებენ, კომპანია “ჩება“ ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – “სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში ამოქმედდა და მას ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს. 

“საწარმო “ჩება“, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ, მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ პირველი საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტია. სრული ინვესტიცია 262 640 ლარს შეადგენს, აქედან 30% – მეწარმის თანადაფინანსება, ხოლო 70 % – პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიღებულ გრანტია. სამომავლოდ იგეგმება წარმოების გაფართოება. ობიექტზე 15-მდე ადამიანი დასაქმდება”, – განმარტავენ მერიაში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წარმატებით დაასრულეს სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამის ორი ფაზა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 65 სოფლის განვითარების პროექტი, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 5 მილიონი ლარი შეადგინა (თანხის 35% პროცენტი ბენეფიციართა თანამონაწილეობაა) შერჩეული სოფლის განვითარების პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება.

პროექტი “სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ მიზნად ისახავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA)) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).