“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევით სუს–ის ანტიკორუფციული სააგენტო დაინტერესდა. კვლევის მიხედვით, ახალციხის მერთან, ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები, მისი გამგებლობისა და მერობის შემდეგ, ტენდერებს იგებენ. რა ეტაპზეა კვლევის პროცესი, გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში არ უპასუხეს, თუმცა ამბობენ, რომ შესწავლის შედეგები საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება.
სუს–ის ანტიკორუფციულ სააგენტოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურებს, რეაგირებისთვის, კვლევის გამოქვეყნებიდან ორ დღეში “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ მიმართა. ორგანიზაციამ მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროსაც, დაიწყოს მოკვლევა ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით.
სამცხე–ჯავახეთში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კოორდინატორი თამუნა უჩიძე ამბობს, რომ ორგანიზაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან წერილობითი პასუხი უკვე მიიღო, სადაც განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის გეგმა უკვე დამტკიცებული აქვთ და არაგეგმიურად საკითხის შესწავლას ვერ დაიწყებენ. აუდიტის სამსახურში ირწმუნებიან, რომ ახალციხის მერის საქმეს აუცილებლად შეისწავლიან, თუმცა როდის, არ აკონკრეტებენ.
მოგებულ ტენდერებზე და მათ შესაძლო ლობირებაზე, გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე“ მეორე კვირაა ზაზა მელიქიძისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობს, თუმცა – უშედეგოდ. მელიქიძე ხან ობიექტებზეა გასული, ხან შეხვედრები აქვს. გუშინ კი მერიაში განუმარტეს, რომ მთელი დღის განამავლობაში თანამშრომლებთან თათბირები ჰქონდა და კვლავ ვერ მოიცლიდა. გამოცემა ვერ დაუკავშირდა მის ცოლის ძმასაც, რომლის სახელზეც მერის კომპანიებია გაფორმებული და ახალციხეში ტენდერებს იგებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ, შესაძლოა, თუ არა, რომ ზაზა მელიქიძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, წარმომადგენლობით ორგანოში ამბობენ, რომ ეს არ მოხდება.
“ეს არის ერთი ორგანიზაციის კვლევა. ჩვენ არაფრის მტკიცებულებები არ გვაქვს და, შესაბამისად, არც მიზეზი არსებობს, რომ ეს საკითხი დავაყენოთ. შესაბამისი სამსახურები თუ დაადგენენ მერის დანაშაულს, იმ შემთხვევაში, საკრებულო ყველა წესის დაცვით იმოქმდებს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
“საკრებულოს საერთოდ ვინმე რამეს ეკითხება? მაგათთვის ზემდგომი თვითონ მერიაა. მაგათ რომ ეუბნებიან ახტითო, იმას კითხულობენ, რა სიმაღლეზე ავხტეთო. იქ სამი–ოთხი კაცია ოპოზიციური, რომელიც იჩხუბებს, ვერაფერს გახდება და გაჩუმდება. რა იმპიჩმენტის დაყენების თავი აქვთ. ზაზა მელიქიძე რომ თავისი კომპანიებით ფულს აკეთებს, ახალი არ არის“, – ასე აფასებს საკრებულოს მხრიდან მელიქიძის მიმართ შესაძლო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბარძიმაძე.
“საეთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ კვლევას აფასებს “ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე. მისი თქმით, ზაზა მელიქიძის კომპანიების მსგავსი ქმედებები, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უცხო არ არის.
გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ყველა შესაბამისმა ორგანომ ფაქტებზე, „გამჭვირვალობის“ კვლევის შედეგებზე, რეაგირება უნდა მოახდინოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
“აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ლობირებდა თუ არა ზაზა მელიქიძე თავის ბიზნესს. პირველ რიგში, ეს ფაქტი უნდა იქნეს შესწავლილი. რაც შეეხება საკრებულოს იმპიჩმენტს, ჩვენ არცერთი საკრებულო არ გვყავს დამოუკიდებელი. ყველა ზემდგომის მითითებებს ემორჩილება. ახლაც გააჩნია, რა მითითებებს მისცემენ ზემოდან და იმის მიხედვით მოიქცევიან“, – განმარტავს გელა დემეტრაძე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ კვლევა 15 ივლისს გამოაქვეყნა.