ახალციხის მერის კომპანიები ახალციხეში ტენდერებს იგებენ, – ნათქვამიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კუთვნილი და ყოფილი კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხების ოდენობა მელიქიძის ახალციხის გამგებლად, შემდეგ კი მერად არჩევის შემდეგ 124 793 ლარიდან 546 044 ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, 524 902 ლარი კომპანიებმა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს.
მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მის გამგებლად არჩევამდე არ მონაწილეობდნენ. 2015 წელს, არჩევის შემდეგ კი 15 ტენდერი მოიგეს. გაიზარდა ამ კომპანიებთან გაფორმებული პირდაპირი შესყიდვების რაოდენობაც – 21 შესყიდვიდან 11-ში კონტრაქტორები სწორედ ახალციხის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები არიან.
მერად არჩევის შემდეგ ზაზა მელიქიძემ კუთვნილ კომპანიებში დირექტორებად საკუთარი ცოლის და და ცოლის ძმა, ყოფილი ფინანსური მენეჯერი კი მერიაში პირველ მოადგილედ დანიშნა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ახალციხის მერის და მისი ახლო გარემოცვის ბიზნესაქმიანობა გამოიკვლია. წინამდებარე კვლევაში, ზემოდასახელებულ ფაქტებთან ერთად, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მიგნებებია წარმოდგენილი, რაც შესაბამისი სტრუქტურების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.
ბიზნესიდან პოლიტიკაში
ბიზნესმენი ზაზა მელიქიძე 2014 წელს „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად, 2017 წელს კი ახალციხის მერად აირჩიეს. 1
გამგებლად არჩევამდე ზაზა მელიქიძეს ოთხი კომპანია ჰქონდა რეგისტრირებული: შპს „მელიზა“, შპს „მელიზა2“, შპს „ლეგი“ და შპს „მესხეთი XXI”. „მესხეთი XXI”-ის წილების 50-50% მელიქიძე და მისი ცოლის ძმა, ხვიჩა ალავიძე იყოფდნენ, დანარჩენი კომპანიების 100% მფლობელი და დირექტორი კი თავად იყო.
2014 წლის 1 ივლისს, მას შემდეგ, რაც მელიქიძე ახალციხის გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, ოთხიდან ორ კომპანიაში წილები დათმო: შპს „მესხეთი XXI”-ს 100% წილის მფლობელი ხვიჩა ალავიძე გახდა, დირექტორად კი ზაზა მელიქიძის ყოფილი თანამშრომელი ნუნუ კაპანაძე დაინიშნა. ასევე, ნუნუ კაპანაძე გახდა „მელიზა 2”-ის დირექტორი და 100% წილის მფლობელიც. ორ კომპანიაში – „მელიზასა“ და „ლეგში“ კი კუთვნილი 100% წილის მმართველად დღემდე მელიქიძე რჩება, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევაა. კანონმდებლობით,2 მერს წილები სამართავად სხვისთვის უნდა გადაეცა, თუმცა კომპანიებს მხოლოდ დირექტორები შეუცვალა, მან ამ პოზიციებზე ცოლის და-ძმა დანიშნა: „მელიზას“ დირექტორობა ისევ ხვიჩა ალავიძეს ჩააბარა, „ლეგის“ დირექტორად კი თეონა ალავიძე გააფორმა.
ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა ტენდერებში
მელიქიძის გამგებლად არჩევამდე მისი კომპანიები ტენდერებში არ მონაწილეობდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად არჩევის შემდეგ კი მონაწილეობა 29 ტენდერში მიიღეს და აქედან 15 მოიგეს. 15-დან 14 შემთხვევაში შემსყიდველი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია და მუნიციპალური შპს/ა(ა)იპ-ებია.
მოგებული ტენდერებიდან საერთო ჯამში მიღებული 528 123 ლარიდან 514 341 ლარი ახალციხის გამგეობა/მერიისა და მათი შპს/ა(ა)იპებ-ისგან მიღებული თანხებია.
ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიების „მელიზასა” და „მესხეთი XXI”-ს მოგებული ტენდერები
ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიების გამარტივებული შესყიდვები
2010-2014 წლებში, ზაზა მელიქიძის გამგებლად არჩევამდე, მისმა კომპანიებმა: „მელიზა 2”-მა, „მელიზამ” და „მესხეთი XXI”-მ ჯამში 12 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს და მათ შორის მხოლოდ ორი იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის.
მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ კი, როგორც მისი, ასევე ცოლის ძმის კომპანიების გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. აქედან 11 შესყიდვა ახალციხის მუნიციპალურ ააიპ-ებთან და შპს-ებთან გაფორმდა. შესაბამისად, გამგებლად არჩევის შემდეგ, გამარტივებული შესყიდვებიდან ჯამში მიღებული 17 921 ლარიდან 10 561 ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისგან ჩაერიცხა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მელიქიძის კომპანიებს მის გამგებლად არჩევამდე გამარტივებული შესყიდვებით, შედარებით მეტი თანხა – 124 793 ლარი ჰქონდათ მიღებული.
შპს “მელიზა“ – მერის კომპანია
შპს „მელიზას“ 100% წილს ზაზა მელიქიძე დღემდე თავად ფლობს, კომპანიის დირექტორად მას ცოლის ძმა, ხვიჩა ალავიძე ჰყავს დანიშნული, „მელიზას” ოფისის მენეჯერად კი მეუღლე ასმათ ალავიძე. ამავე კომპანიაზე მელიქიძეს სამწლიანი იჯარით (2014-2016 წლებში) საკუთრებაში არსებული ავტოამწე – კამაზი-53213 (სახელმწფო ნომრით MMA 920) ჰქონდა გაცემული. ამ კომპანიამ ტენდერებში მონაწილეობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიქიძე ახალციხის გამგებელი გახდა 2014 წელს.
“მელიზა“, მელიქიძის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის დროს, მხოლოდ ამავე მუნიციპალიტეტის შპს „ვალეს კომუნალური გაერთიანების“ 7 ტენდერში მონაწილეობდა. მერად არჩევის შემდეგ კი ახალციხის მერიის შპს „კეთილმოწყობის“ მიერ გამოცხადებულ 2 ტენდერში ფიქსირდება. 9-ვე ტენდერში (NAT180021019, SPA180001579, SPA170011621, SPA170002437, NAT160002250, SPA160021078, SPA160015100, SPA160003284, SPA150032180) ერთადერთი პრეტენდენტი იყო და მოიგო კიდეც. ტენდერები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის და სატრანსპორტო მომსახურების მისაღებად ცხადდებოდა. ამ ტენდერებიდან „მელიზას” შემოსავალმა 297 276 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება „მელიზას“ გამარტივებულ შესყიდვებს, აქ მისი ძირითადი შემსყიდველი, მელიქიძის მერობამდე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ იყო, მელიქიძის მერობის შემდეგ კი – ამ კომპანიასთან ერთად, ახალციხის მუნიციპალური შპს-ები და ა(ა)იპ-ებიც.
სახელმწიფო შესყიდვების დროს სამუშაოების შესრულებაში რომ მელიქიძის კუთვნილი ავტოამწე მონაწილეობს, ეს ჩანს როგორც მის ქონებრივ დეკლარაციაში, 3 ასევე, შესყიდვების დოკუმენტებსა და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ დადებულ ხელშეკრულებაში.
შპს „მესხეთი XXI“ – მერის ცოლის ძმის კომპანია
„მესხეთი XXI”-ს მელიქიძის გამგებლად არჩევამდე მხოლოდ – ერთი 60 ლარის გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან“, მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ კი „მესხეთი XXI”-მ მონაწილეობა 20 ტენდერში მიიღო, აქედან 16 ახალციხის გამგეობა-მერიამ გამოაცხადა. ჯამში კომპანიამ 6 ტენდერი მოიგო. 6-დან 5 შემთხვევაში (SPA160027132, SPA160027107, NAT160000425, SPA150024868, SPA150023158) კი შემსყიდველი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა-მერიაა. შესაბამისად, ტენდერებიდან მიღებული 230 847 ლარიდან მეტი წილი – 217 065 ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტებიდან დაერიცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთივე ტენდერში კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო.
იმ სატენდერო კომისიის სხდომებს, რომლებშიც „მესხეთი XXI”-თან ხელშეკრულების გაფორმება განიხილებოდა, ზაზა მელიქიძე, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ინტერესთა კონფლიქტის გამო არ ესწრებოდა. ხელშეკრულება კი, ხუთივე შემთხვევაში, „მესხეთი XXI”-სთან მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ გააფორმა.
აღსანიშნავია, გურამ მელიქიძე დიდი ხნის განმავლობაში თავად იყო ზაზა მელიქიძის წარმომადგენელი სახელმწიფო უწყებებთან, 2006-2008 წლებში კი „მესხეთი XXI”-ს ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა. 2014 წელს ზაზა მელიქიძის ახალციხის გამგებლად არჩევისთანავე გამგებლის პირველი მოადგილე გახდა, 2017 წლიდან კი მერის პირველი მოადგილეა.
შპს „ლეგი” – სიძე-ცოლისძმის რესტორანი
ზაზა მელიქიძემ შპს „ლეგი” ახალციხეში, საფარის ქუჩის N3-ში, 2005 წლის ივლისში დაარეგისტრირა. კომპანიის საკუთრებაში 4 216 კვმ მიწაა, რაზეც ლუდისა და ლიმონათის ყოფილი ქარხნის შენობა დგას.
2010 წლის ნოემბერში, ამავე მისამართზე და ამავე ფართში ზაზა მელიქიძის, როგორც შპს „ლეგის” დირექტორის და მისი, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობით, რესტორანი – შპს „ალავერდი“ დარეგისტრირდა. „ალავერდის” დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ზაზა მელიქიძის ცოლის ძმა, ხვიჩა ალავიძეა.
მას შემდეგ, რაც ზაზა მელიქიძე გამგებელი გახდა, „ლეგის” დირექტორად ცოლის და, თეონა ალავიძე დანიშნა, 100% წილის მმართველად კი ისევ თვითონ დარჩა.
კითხვის ნიშნები ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით
2014-2018 წლებში, ზაზა მელიქიძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საკუთარი კომპანიებიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა 231 250 ლარს შეადგენს.
აღნიშნულის გარდა, „მელიზასგან“ მერის ოჯახმა დამატებით კიდევ 43 795 ლარი მიიღო, აქედან 22 195 ლარი მისმა მეუღლემ ოფისის მენეჯერობით, 21 600 ლარი კი ამწეს „მელიზაზე“ მიქირავებით.
მელიქიძე დეკლარაციებში უთითებს, რომ 2017-2018 წლებში „მელიზას” და „ლეგის“ 100% წილის ფლობიდან შემოსავალი არ მიუღია. მიუხედავად ამისა, კომპანია „მელიზამ“ 2017 წლის ივნისში ახალციხეში 5 085 კვმ, ამავე წლის სექტემბერში კი მდინარე ფოცხოვის მარჯვენა მხარეს 1 498 კვმ მიწის ნაკვეთები იყიდა. რაც შეეხება „ლეგს“, სადაც სიძე-ცოლისძმის რესტორანი ფუნქციონირებს, მუშაობა დღემდე არ შეუწყვეტია. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უთითებს მერი, რომ 2017-2018 წლებში „მელიზას” და „ლეგის” მესაკუთრეობიდან შემოსავალი არ მიუღია.
პოლიტიკური შემოწირულება
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა მელიქიძე ახალციხის ჯერ გამგებლად, შემდეგ კი მერად „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა, მას და მისი ოჯახის წევრებს „ქართული ოცნებისთვის” თანხა არ შეუწირავთ. ზაზა მელიქიძე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველებში ფიქსირდება – მან 2012 წლის 17 ივლისს, მაშინდელ მმართველ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა”, – ნათქვამია კვლევაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს: სახელწიფო აუდიტის სამსახურს – შეისწავლოს ახალციხის მუნიციპალიტეტისა და იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ის შესყიდვები, სადაც მუნიციპალიტეტის მერთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს;
საჯარო სამსახურის ბიუროს – დაიწყოს მოკვლევა ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით.
____________________________
1 2014-2017 წლებში ახალციხეში, თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის და მცხეთის მსგავსად, თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის თვითმმართველი თემი არსებობდა, თუმცა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, თემი და ქალაქი ისევ ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანდა
2„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის” მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი
3 ზაზა მელიქიძის მიერ 2014 წელს შევსებული დეკლარაცია, გვ. 4