მთავრობა რეგიონებში მიმდინარე პროექტებით კმაყოფილია, მერები პრობლემებზე საუბრობენ – ჩავარდნილ ტენდერებზე და არასაკმარის დაფინანსებაზე

2001

წინა სტატია

წარუმატებელი 2018 წლისა და ჩავარდნილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემდეგ, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ წელს რეგიონებში რეკორდული თანხა – 400 მილიონი ლარი იხარჯება და 6 700 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი კეთდება. აქედან 310 მილიონი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ხოლო 90 მილიონი განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, მაღალმთიან დასახლებებსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე იხარჯება.

პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ 20%-ით გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 2019 წელს და შესაბამისად, „ეს არის ყველაზე დიდ ციფრი, რაინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვქონია“.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ადრე „რეგიონული მმართველობის მიმართულებით“ პრობლემა იყო გამოყოფილი ინვესტიციების ვერათვისებაში, ამიტომ შეიცვალა „რეგიონული მართვის“ წესი და ახლა ის რეგიონებში შესრულებული სამუშაოებით და ტემპით კმაყოფილია.

ცხადია, პრემიერს არ უთქვამს, რეალურად რა იყო შარშან პროექტების ჩავარდნის მიზეზი, უფრო მეტიც – რეგიონული მართვის წესი საერთოდაც არ არის კავშირში რგპ-დან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილ თანხებზე, ვინაიდან რეგიონული მართვის წესი რეგიონის დონეზე მმართველობას გულისხმობს, ანუ, პირველ რიგში, აჭარის მთავრობის და გარკვეულწილად, სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობას, რომლის წესშიც ცვლილება, მათი არსებობის განმავლობაში, ფაქტობრივად, არასდროს შესულა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრემიერი რეგიონულ და მუნიციპალურ მართვასა თუ განვითარებას ერთმანეთში ურევს.

რაც შეეხება შარშან ჩავარდნილ პროექტებს, droa.ge უკვე წერდა, რომ 2018 წლის ბოლოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 250 მილიონიდან მხოლოდ 146 მილიონი იყო ათვისებული. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტები დადგენილებით დაავალდებულა, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის სატენდერო დოკუმენტაცია იფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაეგზავნა. სამინისტრო კი ამ დოკუმენდაციას თვითმმართველობებს მისი შესწავლის შემდეგ უბრუნებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლეოდათ უფლება, ტენდერი გამოეცხადებინათ. შედეგად მივიღეთ ის, რომ 800-მდე პროექტიდან მათი დიდი ნაწილი განუხორციელებელი დარჩა. წელს ამ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და მუნიციპალიტეტებს აღნიშნული ვალდებულება მოეხსნათ.  

„რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წელს 20%-ით მეტი ბიუჯეტი მივეცით და ისინი, 6 თვის მონაცემებით, 100%-ზე მეტით ასრულებენ ამ დავალებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, 6 თვის მონაცემებით, 183 მლნ ლარით მეტი პროექტი დაფინანსდა, ვიდრე წინა წელს და ვიდრე ოდესმე ყოფილა დაფინანსებული.

მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი კი ამბობს, რომ 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა 310 მლნ ლარი შეადგინა და 1 201 პროექტი დაფინანსდა. მისი თქმით, გასულ წელს ამ ფონდის ბიუჯეტი 243 მილიონი იყო, წელს კი რგპ-ს ფონდი 28%-ითაა გაზრდილი. 6 თვის მონაცემებით, სამშენებლო სამუშაოები 550 პროექტზე მიმდინარეობს, ხოლო საპროექტო და სამშენებლო პროცედურებზე – 678 პროექტია. ასევე 137 პროექტი წელს უკვე დასრულდა, როცა შარშან ამ დროისთვის არც ერთი პროექტი, პრაქტიკულად, არ იყო დამთავრებული.

ცხადია, არც მინისტრს და არც მის მოადგილეს არ უთქვამთ, რომ ამ პროექტების ნაწილი სწორედ 2018 წლიდან გადმოყოლილი პროექტებია, რომელთა განხორციელებაც შარშან ჩავარდა და რომლის თანხაც, ბიუჯეტის შესრულებლის საჩვენებლად, ფინანსთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს დეკემბრის ბოლო დღეს ჩაურიცხა და პრობლემა მოიშორა.

რეალურად, რა ცვლილება შევიდა რეგფონდის დაფინანსების წესში?

ერთ-ერთი მთავარი სიახლე რეგფონდის ქვეპროგრამებია – წელს ამ ფონდიდან ფინანსდება ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტებიც, რომლისთვისაც 20 მილიონი ლარია გამოყოფილი და წლის ბოლოსთვის 39 სასწრაფო დახმარების ცენტრი და 104 ამბულატორია აშენდება, ხოლო 262  ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დაპირებაა, რომ 2020 წელს ეს პრობლემა მთელ საქართველოში გადაწყდება.

გარდა ამისა, რეგფონდიდანვე ფინანსდება სტიქიის პრევენციის სპეციალური პროგრამა, რომელიც წელს პირველად ამოქმედდა, 20მლნ ლარით ფინანსდება და 156 პროექტი განხორციელდება. ბეგიაშვილის ინფორმაციით, 9 პროექტზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, 84 პროექტზე ტენდერია გამოცხადებული, ხოლო 63 პროექტზე პროექტირების შესყიდვა მიმდინარეობს.

მეორე სიახლე კი რეგფონდიდან პროექტების წარდგენას, თანხის განაწილებას და ტენდერებს ეხება. ბეგიაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების წახალისების მიზნით, დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად და სამუშაოების შესრულების ტემპების დასაჩქარებლად, ახალი სისტემა შემოიღეს – საბონუსე ყულაბა და იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც პროექტები დაწერეს და კონტრაქტები 75%-ზე მეტ შემთხვევაში 1 მაისამდე გააფორმეს, დამატებითი თანხები გამოუყვეს, შედარებით მცირე თანხები გამოუყვეს მათაც, ვინც წარმოდგენილ 50%-ზე მეტ პროექტზე კონტრაქტების გაფორმება შეძლო. ამასთან, ე.წ. მოწინავე მუნიციპალიტეტებს ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებიც მათვე რჩებათ. როგორც აღმოჩნდა, ამ საბონუსე ყულაბაზე წვდომა  57  მუნიციპალიტეტიდან 41-მა მოიპოვა.

ასევე, ითქვა, რომ შემოიღეს ე.წ. კონსოლიდირებული ტენდერის პრინციპი, როცა  ტენდერში მთელი  წლის პროექტების ერთჯერადად შესყიდვა ხდება მუნიციპალიტეტის ფარგლებში, თუ სხვა მუნიციპალიტეტთან გაერთიანებით და ყველა ცალკეულ პროექტზე ერთჯერადად გამოცხადებული ტენდერი საჭირო არ ხდება.

სამინისტრო ამბობს, რომ კონსოლიდირებულმა ტენდერებმა სერიოზული შედეგი გამოიღო და უფრო ბევრი და კვალიფიციური კომპანია დაინტერესდა რეგიონში კონტრაქტების მიღებით.

როგორ აფასებენ მერები ცვლილებებს და რა პრობლემები აქვთ პროექტების განხორციელებისას?

დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ მის მუნიციპალიტეტს წელს 4 მილიონ ლარზე მეტი შეხვდა და ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგფონდიდან მიღებული ყველაზე დიდი თანხაა. ასევე, ამბობს, რომ კონსოლიდირებული ტენდერის წესის შემოღება ძალიან კარგი იდეაა.

ნიკოლოზ ჯანიაშვილი: „პირველი კონსოლიდირებული ტენდერი საქართველოს მასშტაბით საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე სწორედ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტთან ერთად. ამ ერთობლივმა შესყიდვამ მოიტანა ის, რომ პროექტანტებისთვის თანხები გახდა საინტერესო. ანუ, მე თუ დღეს დამატებით მოვიპოვებ დაფინანსებას, ვთქვათ, გზის დასაგებად, აღარ მიხდება ტენდერის გამოცხადება საპროექტო სამუშაოებზე, პირდაპირ ვიცი, რომელ კომპანიას უნდა დავავალო ამ გზის პროექტის გაკეთება”.

თუმცა, დედოფლისწყაროს მერი ჩავარდნილი ტენდერების პრობლემაზეც საუბრობს.

„საკმაოდ ბევრი პროექტია გამოცხადებული მშენებლობაზე, შემსრულებელი ნორმალური კომპანია კი ცოტაა. ამ მხრივ სირთულეებია და ამიტომაც ხშირად სამშენებლო ტენდერები ვარდება, რადგან წელში გამართულ კარგ კომპანიებს, რომელსაც ხარისხიანად შეუძლია საქმის კეთება, ძალიან ბევრი სამუშაო უკვე აღებული აქვთ და შემდგომ რეგიონებში წასვლა არ უყვართ ხოლმე. მაგალითად, სოფლის პროგრამით გაჭირდა სხვა მუნიციპალიტეტიდან ან იგივე თბილისიდან კომპანიების დაინტერესება. შემდეგ გამოსავალი ის ვნახეთ, რომ გავამსხვილეთ პროექტები და გამსხვილებული პროექტით მოვიზიდეთ. ამ პრობლემებმა გამოიწვია ის, რომ დღეს 24 პოექტიდან მხოლოდ 14 მაქვს დამთავრებული,“- აცხადებს ჯანიაშვილი.

ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ამბობს, რომ ოზურგეთს ფორმულის მიხედვით ეკუთვნოდა 5,8 მილიონი ლარი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წახალისებით, 8 მლნ ლარზე ავიდნენ.

კონსტანტინე შარაშენიძე: „რა თქმა უნდა, ხარვეზებიც და პრობლემებიც არის. გზებსა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების 10 პროექტი დასრულებული გვაქვს. პრობლემა არის ხაზინასთან მიმართებით, ცოტა დროში იწელება თანხების ჩარიცხვა, შესყიდვების სააგენტოში არის ცოტ-ცოტა სირთულეები, ერთიანობაში წინ მივდივართ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 4 ახალი სკოლა შენდება, წელს, დაახლოებით, 22 სკოლა იქნება რეაბილიტირებული. 4 ახალი ამბულატორია შენდება, 6-ის რეაბილიტაცია ხდება, ამბულატორია კიდევ გვჭირდება. კეთდება გზები ისეთ სოფლებშიც, სადაც 40-50 წელია, გზა არ ყოფილა. მუნიციპალიტეტში სულ 28 თემია, აქედან 7 სოფელში დავაგეთ გზა. ვვარაუდობ, რომ 2020 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გზების პრობლემა არ იქნება. სოფლებში გაქვს წყლის პრობლემაც, ინდივიდუალურ ჭაბურღილებს და შიდა საუბნო წყალმომარაგებას ვაკეთებთ, ერთი 220 000-230 000-ლარიანი პროექტით 50-60-მდე ოჯახს ეხსნება პრობლემა. წყალმომარაგების პრობლემა ბევრგანაა“.

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ შარშან უფრო მეტი ბიუჯეტი ჰქონდა მუნიციპალიტეტს, ვიდრე წელს. დეკემბერში 3,6 მილიონი ლარი დაუმატეს 5 პროექტზე, რომელიც უკვე დაასრულა.

მისი თქმით, პრობლემები აქვს ტენდერების ჩავრადნის გამო.

„სტიქიის პრევენციისთვის იყო გამოყოფილი თანხმები და ზოგი ტენდერი ჩავარდა. მიზეზი სხვადასხვაა, ზოგჯერ პროექტი სრულყოფილი არ არის. მოხდა ისიც, რომ ინფლაციის შედეგად სამშენებლო მასალებზე ფასი ძალიან გაიზარდა და მშენებლის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს შეთავაზება,“ – ამბობს მეჭიაური.

აცხადებს, რომ სიახლე იყო კონსოლიდირებულ ტენდერები, რომელსაც პლუსიც აქვს და მინუსიც.

თამაზ მეჭიაური: „კონსოლიდირებული ტენდერი მოქნილი არ არის, ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის აკეთებენ პროექტებს და ხშირ შემთხვევაში, პიკი ერთდროულადაა; ყველა მუნიციპალიტეტს ერთდროულად უნდა პროექტირება და ამიტომ ხდება პროექტების მიწოდების შეფერხება. ერთ საპროექტო კომპანიას ამდენი პროექტის დროულად შესრულება უჭირს. თუმცა, პლუსია ის, რომ უფრო კვალიფიციურ კომპანიასთან ხდება შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმება“.

პრობლემად ასევე ასახელებს იმას, რომ დაფინანსება არ ჰყოფნის და ხალხი უკმაყოფილოა.

„შარშან დაგვიფინანსეს რამდენიმე გზა, მაგრამ მათ უმრავლესობის გაგრძელება სჭირდება და ამისთვის დაფინანსება აღარ არის. დაგვიმატეს თანხა, მაგრამ უმნიშვნელო იყო. ამიტომ ნახევრად გაკეთებულმა გზამ მოსახლეობის უკმაყოფილება უფრო გამოიწვია, ვიდრე კმაყოფილება,“- აღნიშნავს მეჭიაური.

ტენდერების ჩაშლის პრობლემა, თიანეთის მსგავსად, სხვა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს აქვთ. მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში 6 ტენდერი ზედიზედ ჩავარდა. მიზეზი კი ის არის, რომ კომპანიებს სხვა, უფრო მსხვილ მუნიციპალიტეტებში მუშაობა ურჩევნიათ და მესტიასა და მსგავს მუნიციპალიტეტებში არ მიდიან. არადა, ამ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, კლიმატური პირობების გამო, ისედაც მოკლე სამუშაო პერიოდია, ამიტომაც, თითოეული ჩავარდნილი ტენდერი განუხორციელებელი პროექტების პირდაპირპროპორციულია. მერების ნაწილის აზრით, კონსოლიდირებულმა ტენდერებმა მცირე მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა, რადგანაც ბუნებრივია, რომ კომპანიები მსხვილი პროექტების განხორციელებას ამჯობინებენ, რომელიც უფრო დიდი მუნიციპალიტეტებში კეთდება.

როგორც ხედავთ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო საკუთარი 6 თვის საქმიანობით კმაყოფილია. ცხადია, ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელსაც ნახევრი მთავრობა, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების მერები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები ესწრებოდნენ, პრობლემებზე არავის უსაუბრია. თუმცა, ამ უწყების წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე, მით უფრო, შარშანდელი წლის გამოცდილების გათვალისწინებით, უმჯობესია, წლის ბოლოს ვისაუბროთ.