ქუთაისის 24-საათანი წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტში რამდენჯერმე შესული ცვლილების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია, როდის ექნება ქუთაისს სრულად 24-საათიანი წყალმომარაგება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი. “ნიუპრესის” ცნობით, როგორც მან ქუთაისში ჟურნალისტებთან განაცხადა, იმედოვნებენ, რომ პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.
“ინტენსიურად ვმუშაობთ, დაიწყო ეტაპობრივი ჩართვა. იმედი გვაქვს, რომ 2019 წლის ბოლოს ქუთაისს ექნება 24-საათიანი წყალი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცეპრემიერმა, ასევე, ქუთაისში დაანონსებულ პროექტებზე ისაუბრა და განმარტა, რომ რიონისპირა სახლების, გალერეის და აუზის პროექტირებაზე ტენდერია გამოცხადებული, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება.
ამასთან, მაია ცქიტიშვილმა ახალი სახელმწიფო რწმუნებულის წარდგენისას რეგიონში პროექტების შესრულების მხრივ არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.
“პრობლემები ქვეყნის მასშტაბით გვაქვს, როგორ პროექტების შესრულების, ასევე ხარისხთან მიმართებაში. ხდება ყოველდღიური მოინიტორინგი. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა პროექტების და მუშაობის ტემპი, მაგრამ ხარისხი და შესრულება რჩება გამოწვევად”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.