იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ზვიად შალამბერიძე სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე ოფიციალურად წარადგინეს.
სახელმწიფო რწმუნებულის წარდგენას ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველთან, სოზარ სუბართან ერთად ესწრებოდა. წარდგენას, ასევე, იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
ცქიტიშვილის თქმით, რწმუნებულის აპარატი უნდა იყოს ის რგოლი, რომელიც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად ახდენს კოორდინაციას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
“დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კოორდინაციას თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ეს უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და ეფექტური რგოლი. პიროვნულ დონეზე აქვს ამას მნიშვნელობა თუ ვინ იქნება რწმუნებულის პოსტზე”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მიმისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
ზვიად შალამბერიძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებდა, რაც მისმა წინამორბედმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა.