რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, კაპიტალური სამუშაოების თანხის ათვისების თვალსაზრისით, წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს 6 თვის თავზეც ჩანს, როცა გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული.
“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 6 თვის განმავლობაში, 673 მილიონი ლარი დახარჯა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ, დაახლოებით, 183 მილიონი ლარით მეტის ათვისება მოახერხა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს სამინისტროს საქმიანობის ერთი მიმართულებაა და მხოლოდ ამ მიმართულებით იგი 400 მილიონი ლარის 6 700 პროექტს მართავს. ამ ოდენობის თანხა და ამ რაოდენობის პროექტი სამინისტროს არსებობის მანძილზე არ ათვისებულა/განხორციელებულა და ეს მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა განაპირობა”, – აცხადებს გაბუნია.
მისივე თქმით, უკვე ნათელია, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც წლის დასაწყისში რეგიონული განვითარების თვალსაზრისით ხელისუფლებას ჰქონდა, ეფექტურა სრულდება. ზაზა გაბუნია იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლოსაც ეფექტურობის ასეთი მაღალი მაჩვენებლები იქნება.