მაჭახელას ხეობაში წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის ხეები ხმება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მცენარეები ე.წ. წაბლის კიბოთი სამი წლის წინ დაავადდა და დღეისათვის, ამ ჯიშის ხეების 70 პროცენტი უკვე გამხმარია.
„70 პროცენტი უკვე ხმელია და მას შეშად ვიყენებთ. ეს ხეები სხვა ჯიშის წაბლით ან ცაცხვით უნდა ჩანაცვლდეს. ხეების ხმობამ განსაკუთრებული ზარალი მეფუტკრეებს მიაყენა, თაფლის მოსავალი ძალიან შემცირდა“ – ამბობს სოფელ ჩიქუნეთის მცხოვრები ნოდარ აბაშიძე.
აჭარის სატყეო სააგენტოში ამბობენ, რომ პრობლემას ებრძვიან, თუმცა დღემდე მხოლოდ მოძველებულ მეთოდს იყენებდნენ, რაც დაავადებული კერის შესამცირებლად ხმელი ხეების მოჭრას გულისხმობს. თანამედროვე მეთოდის გამოყენებას კი, დაავადების წინააღმდეგ წელს დაიწყებენ.
„ახალი მეთოდი ითვალისწინებს სპეციალური სოკოს გამოყვანას, რომელსაც ხის მერქანზე ჩავასახლებთ, ის ებრძვის წაბლის კიბოს, შემდგომში კი, უკვე ხეს გამოუმუშავდება დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტი. მეთოდის გამოყენებას ამ სეზონიდან ვგეგმავთ“, – აცხადებს აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი