ახალციხის შვიდ ქუჩასა და რამდენიმე შიდა ეზოში არსებული ხის ძირები მოასფალტებულია. ხეების გარშემო ასფალტი იმდენად მჭიდროდაა, რომ წვიმის წყალი ფესვებამდე ვერ ჩადის. მშენებელი კომპანია პასუხისმგებლობას თვითმმართველობას აკისრებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე გამწვანების ზოლში დარგული ხეები წვიმის წყალს ვერ იღებენ. მათი ძირი მოასფალტებულია. სავარაუდოდ, ამის გამო, რამდენიმე ხე უკვე გახმა. ეს პრობლემა ქალაქის რამდენიმე ქუჩის გარდა, შიდა ეზოებშიც არის.
ნათენაძის, კოსტავასა და კეცხოველის ქუჩებზე ხეების მოასფალტების შესახებ 3 ივლისს დაწერა.
მოკვლევის შედეგად, გაირკვა, რომ ხეები, კოსტავას ქუჩის მსგავსად, რუსთაველსა და თამარაშვილზეც მოასფალტებულია. იგივე მდგომარეობაა შალვა ახალციხელის, იაძის ქუჩებზე და რამდენიმე შიდა ეზოში.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ იმ ქუჩებზე, სადაც ხეებია მოასფალტებული, საგზაო სამშაოები მათი თვითმმართველობაში ყოფნის დროს არ განხორციელებულა.
“დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში არ მოასფალტებულა. სადაც ტროტუარის დაგებაა დაგეგმილი, ხეებთან ასფალტს ნორმის ფარგლებში მოვაწყობთ. ხოლო იმ ქუჩებზე, სადაც ტროტუარის დაგება დაგეგმილი არაა, მდგომარეობას შევისწავლით და იქაც ნორმის ფარგლებში მოექცევა“, – განმარტეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
“სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე ასფალტი 2017 წელს, სამშენებლო კომპანია “მესხეთავტოგზამ“ დააგო. ათობით ხე კი ასფალტის საფარში მოჰყვა. კომპანიის დირექტორი, თამაზ პეტაშვილი პასუხისმგებლობას ახალციხის იმდროინდელ მერიას აკისრებს. ამბობს, რომ მათ საპროექტო დოკუმენტაციით იხელმძღვანელეს: “ასფალტი ისე დავაგეთ, როგორც საპროექტო დოკუმენტში ეწერა“.
2017 წლის ნოემბრამდე ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძე იყო, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კოსტავას ქუჩის ტროტუარები მისი მერობისას მოეწყო. კითხვაზე, მის პასუხისმგებლობაში შედიოდა თუ არა ხეების მოასფალტება, ასე უპასუხა – “მე როგორც მახსოვს, კოსტავაზე მსგავსი სამუშაოები არ ჩატარებულა, ფეხებზე მკიდია მოასფალტდა თუ არა, ამდენი რამე გაკეთდა და სხვას ვერაფერს ხედავთ?!“, – გვითხრა მან.
“სამხრეთის კარიბჭე” არაერთხელ ეცადა დაკავშირებოდა გია კოპაძესაც, რომელიც ახალციხის მერი 2014-2016 წლებში იყო, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.