აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ უკრაინელი ჟურნალისტები რეპორტაჟებსა და სტატიებს ამზადებენ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ.
მათივე ცნობით, ჟურნალისტებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, პროდუქტები და მთიანი აჭარა მოინახულეს.
“დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში წელს სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიისა და ტურისტული კომპანიის 370-მდე წარმომადგენელმა იმოგზაურა. მათ შორის 90-მდე ჟურნალისტმა და ბლოგერმა დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და სხვა სამიზნე ქვეყნებიდან. შედეგად, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ მომზადებული 40-მდე სტატია, რეპორტაჟი და ბლოგი გამოქვეყნდა. დეპარტამენტი ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.