თიანეთში, დაბა სიონში, სადაც ზაფხული დამსვენებლებით და ბავშვებით სავსეა, დროული და ნორმალური სამედიცინო მომსახურების პრობლემაა. ამიტომაც, როდესაც ადგილობრივი თუ სტუმარი ავად ხდება, ან ტრავმას იღებს, უმეტესად მეზობლის იმედადაა, ვიდრე – ექიმის.
ადგილობრივი მკვიდრი ელენე ოგბაიძე გასული წლიდან ჯერ მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ – ჯანდაცვის სამინისტროში ითხოვს ამბულატორიას, რომელშიც სანიტარული ნორმები იქნება დაცული და პირველადი მედიკამენტებიც ექნება ექიმს. ასევე, ითხოვს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ისეთ სერვისს, როცა მანქანა გამოძახებიდან 1 საათის დაგვიანებით არ მივა.
თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ამბულატორიების პრობლემა არა მხოლოდ დაბა სიონში, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტშია. თუმცა, იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნულ საკითხს, ჯანდაცვის ცენტრალიზებული სისტემის გამო, თავად დამოუკიდებლად ვერ წყვეტს, ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე მიმართა, რომ მომავალ წელს ადმინისტრაციულ ცენტრებში ამბულატორიები გახსნას. მერი ჯამში 11 ამბულატორიის დამატებას ითხოვს.
მეჭიაური, ასევე, ამბობს, რომ მისი სურვილია, დაბა სიონში ზაფხულში მაინც იყოს გამოყოფილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთი მანქანა, თუმცა, ამ საკითხის გადაწყვეტა, ისევე, როგორც ამბულატორიების მშენებლობისა და კეთილმოწყობის, მის კომპეტენციას სცილდება, ჯანდაცვის სამინისტროს კი, რომელიც ამ საკითხებზეა პასუხისმგებელი, სხვა ხედვა აქვს.
ცნობისათვის, დაბა სიონში ამჟამად ფორმალურად ერთი ამბულატორიაა. რეალურად კი, ამბულატორია ჰქვია ერთ ნესტიან და გაურემონტებელ ოთახს, რომელიც ორსართულიანი, ნახევრად დანგრეული შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. ეს შენობა საბჭოთა დროს სოფლის ამბულატორია იყო, თუმცა, წლებია, შენობაში თვითნებურად შესახლებული ადამიანები ცხოვრობენ, ამბულატორიას კი ერთი ოთახი აქვს, რომელიც საერთოდ არ ჰგავს სამედიცინო დაწესებულებას.
სიონის მკვიდრი ელენე ოგბაიძე ამბობს, რომ დაბაში ნორმალური სამედიცინო დაწესებულება სჭირდებათ და ამას გასული წლიდან ითხოვს.
„ჩვენს დაბაში საკმაოდ ბევრი მოსახლე, მათ შორის, ბავშვი და მოხუცი ცხოვრობს, ზაფხულში კი უამრავი დამსვენებელი ჩამოდის. არ გვაქვს არც აფთიაქი და არც პატარა კლინიკა, არც სასწრაფო დგას სოფელში. არის თითქოს ამბულატორია, თუმცა, პირობები კატასტროფულია – მხოლოდ ერთი ოთახი და ანტისანიტარია. სოფლის ექიმი გვყავს, რომელიც, ამავდროულად, სასწრაფოშიც მუშაობს. მის მიმართ პრეტენზია არ მაქვს, ის პროფესიონალია, მაგრამ მარტო ეს ერთი ექიმი საკმარისი არ არის. ამ ე.წ. ამბულატორიაში ანტისანიტარიაა, ექიმს პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებიც არ აქვს, ზოგჯერ საკუთარი ფულითაც კი უყიდია. პირველადი დახმარება არის მხოლოდ და მხოლოდ სასწრაფოს გამოძახების ხარჯზე, რომელიც არცთუ ისე მალე მოდის, იმიტომ, რომ ერთი სასწრაფოა და შესაძლოა, ის სხვა სოფელში იყოს წასული. ამიტომ მოდის ნახევარ საათში, ან – ერთ საათში. მეზობელს ალერგიული შეშუპება დაემართა და სასწრაფო მოვიდა ძალიან გვიან, უბრალოდ, მეორე მეზობელს დექსამეტაზონი აღმოაჩნდა და მან გადაარჩინა ეს ადამიანი. ასეთი ველური პირობებია. მხოლოდ ერთი ექიმის ამარაა დაბა, სადაც ძალიან ბევრი მოსახლე ცხოვრობს, ზაფხულში კი ძალიან ბევრი დამსვენებელი მოდის, რომელსაც ბავშვები ჰყავს. თან, აქ არის წყალსაცავი. მაგალითად შარშან იყო შემთხვევა, როცა ერთ ბიჭს წყალში ჩახტომისას თავი გაუტყდა, სასწრაფო კი ძალიან დაგვიანებით მოვიდა და ბიჭმა ბევრი სისხლი დაკარგა. ამიტომ გვინდა, რომ შტატი გაიზარდოს და ამბულატორია სამედიცინო დაწესებულებას დაემსგავსოს. ამ პრობლემაზე გასული წლიდან ვლაპარაკობ. წერილი მივწერე მერიასაც და ჯანდაცვის სამინისტროსაც. რამდენიმე დღის წინ სამინისტროდან პასუხიც მომოვიდა, რომ, თურმე, ეს ე.წ. ამბულატორია და სასწრაფო დახმარების მანქანა, რაც არსებობს, ჰყოფნის მოსახლეობას და აკმაყოფილებს მოთხოვნებს,“- ამბობს ოგბაიძე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ დაბა სიონში არის შენობა, სადაც ადრე მთლიანად იყო განთავსებული ამბულატორია, თუმცა, რამდენიმე წლის წინ მოსახლეობამ შენობა თვითნებურად დაიკავა და იქ ახლა ამბულატორიისთვის მხოლოდ 2 ოთახია დარჩენილი.
„ამბულატორიას ექიმიც ჰყავს და ექთანიც, თუმცა, შეიძლება, მოსახლეობას ხარისხი არ აკმაყოფილებს. ადრე შენობაში სტაციონარიც იყო და ავადმყოფების მოთავსებაც ხდებოდა, ახლა – აღარ. მომავალი წლისთვის ფინანსთა სამინისტროსგან ამბულატორიებისთვის დაფინანსება მოვითხოვე, ყველა ტერიტორიულ ერთეულს რომ ჰქონდეს თითო მაინც, მათ შორის, სიონსა და ბოჭორმაში მაქვს მოთხოვნილი. მე ვისურვებდი, რომ სიონში უფრო უკეთესი ამბულატორია ყოფილიყო“, – ამბობს თიანეთის მერი.
რას ფიქრობს საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო? უწყებამ ელენე ოგბაიძის წერილს ოფიციალური წერილითვე უპასუხა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „მთავრობის მიერ დამტკიცებული „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში, „შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობისა და „ექიმის ჩანთის“ განსაზღვრის შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, დაბა სიონში, სხვა სოფლებთან ერთად, მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრა 1 ექიმი და 3 ექთანი“. თავად ამბულატორიის მშენებლობაზე კი უწყებიდან მოქალაქეს უპასუხეს, რომ „მომავალში განიხილავენ“, თუმცა, სავარაუდოდ, როდის შეიძლება დადგეს ეს მომავალი, ამაზე წერილში ნათქვამი, ცხადია, არაფერია.
რაც შეეხება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებს, მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, მთელს მუნიციპალიტეტს ჯამში მხოლოდ 2 მანქანა ემსახურება – ერთი თიანეთის ზემო ზონაზეა მიმაგრებული და 6 ტერიტორიულ ერთეულს ემსახურება, მეორე კი – ქვემო ზონაზე, ნაქალაქარში, რომელიც, ასევე, ქვემო ზონის 6 ტერიტორიულ ერთეულს ემსახურება, მათ შორის, სიონსაც.
„მე ამაზეც დაყენებული მქონდა საკითხი, რომ სეზონურად მაინც ერთი ბრიგადა მიემაგრებინათ სიონზე. მოგეხსენებათ, სასწრაფო ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, ასევე, სასწრაფოებს თავისი სააგენტო აქვთ. მათ ჩათვალეს, რომ რაც არის, ისიც საკმარისია,“- ამბობს მეჭიაური.
ამ საკითხზე განმარტებას ჯანდაცვის სამინისტრო ელენე ოგბაიძისთვის გაგზავნილ წერილშიც აკეთებს და წერს, რომ „გამოძახებების ანალიზის შედეგების მიხედვით (ინციდენტების რაოდენობა და რეაგირების დრო), თიანეთის მუნიციპალიტეტში განთავსებული სამედიცინო ბრიგადები სრულად უზრუნველყოფენ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, მათ შორის, დაბა სიონში, მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის ხარისხიან მიწოდებას“, ამიტომაც სამინისტროს შესაბამისი საქვეუწყებო ორგანიზაცია არც მოსახლეობის და არც მერის მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებს.
თიანეთის მუნიციპალიტეტი 87 დიდი და პატარა სოფლისგან შედგება, სულ 12 ადმინისტრაციული ერთეულია, აქიდან ერთი ამბულატორია სოფელ ნაქალაქარში, მთავრობის მიერ გამოცხადებული 100 სოფლის ამბულატორიის პროგრამის ფარგლებში აშენდა. ჯამში, მთელს მუნიციპალიტეტში 3 ამბულატორია ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტის მერი კი ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ 2019 წლისთვის ამბულატორია თორმეტივე ადმინისტრაციულ ცენტრს ჰქონდეს. ამისთვის კი დამატებით 11 აბულატორიის აშენებაა საჭირო.
„ზუსტად არ ვიცი, რა თანხით დაგვაფინანსებენ, ეს ჯერ მოთხოვნაა, შემდეგ პროექტი გაკეთდება, მას მოჰყვება ხარჯთაღრიცხვები და მერე გადაწყდება ამ პროექტის მთლიანი ღირებულება. ამბულატორია არის თიანეთის ცენტრში, ასევე, სოფელ ნაქალაქარში – ახალი და დაბა სიონში – ძველი. ჟებოტაში ახლა რეაბილიტაცია ჩავუტარეთ მრავალფუნქციურ შენობას, სადაც ჩვენი ადმინისტრაციის წარმომდგენელი დაჯდება, აქვე ვგეგმავთ ამბულატორიის გახსნასაც. ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ, რომ შესაბამისი აღჭურვილობა გადმოგვცენ. ახლა ვითხოვ, რომ დამატებით დააფინანსონ 11 ამბულატორიის გახსნა, მათ შორის სიონშიც, თუმცა, როგორ გადაწყდება საკითხი, ჯერ არ ვიცი,“- ამბობს მეჭიაური.
არადა, ეს იმ ფონზე ხდება, როცა ხელისუფლებას დეცენტრალიზაციის პოლიტიკა გაცხადებული აქვს და წელიწადზე მეტია, სტრატეგიასაც ამუშავებს, თუმცა, ამ სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჯანდაცვის სფეროს დეცენტრალიზაციაზე არასდროს არცერთ უწყებას არ უსაუბრია.
ამიტომაც, სანამ ჯანდაცვის სამინისტროს დასადგენი იქნება, საქართველოში არსებული 3700 სოფლიდან რომელს ესაჭიროება ამბულატორია და რომელს – არა, მუნიციპალიტეტს კი საკითხის გადაწყვეტის არც პოლიტიკური და არც ფინანსური შესაძლებლობა არ ექნება, როგორც დაბა სიონის, ისე თიანეთისა თუ სხვა მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას ისევ ექიმის მოლოდინში, ერთმანეთის იმედად ყოფნა მოუწევს.