ბორჯომში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე თანამედროვე სახის საკემპინგე ადგილი მოეწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, როგორიცაა საპიკნიკე მაგიდა, ცეცხლის დასანთები ადგილი და საშხაპე.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, საკარვე ადგილი აღიჭურვება ჰელიო სისტემითაც. ასევე, პროექტი გარემოსდაცვით საგანმანათლებლო აქტივობებს და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ბილიკის მოწყობასაც ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ეკოტურიზმის განვითარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკო-ტურიზმის განვითარებას ყველა რეგიონში.
უწყების ინფორმაციით, პროექტს – “ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში“, სახოებათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “ნაკრესი“, სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტი ინიცირებულია ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში და დაფინანსებულია BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი.