ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

693

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად შევიდა. შემოვლითი გზა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან  ერთად გახსნა.

პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.

ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ,  ექსპლუატაციაში სრულად შევიდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა.

აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა, E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სამუშაოების ღირებულება 71 მილიონ ლარს და 22 მილიონ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტზე 360 ადამიანი იყო დასაქმებული.