სურამში მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. მოსახლეობის თქმით, დასუფთავებისა და წყლის პრობლემების გარდა, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა.
ერთ-ერთი მკვიდრის, ირინე ხიდირბეგაშვილის თქმით სურამში არ არსებობს ტროტუარები. ყველგან ნაგავი ყრია, დახეთქილი წყლის მილებიდან კი, წყალი ქუჩებში მოედინება. ასევე, ხიდირბეგაშვილის განცხადებით არ არის სკვერები. ხოლო, ტყე დანაგვიანებულია.
“სანამ მთლიანი ინფრასტრუქტურული გეგმით არ მოეწყობა სურამი, მანამდე არ ექნება აზრი არც სკამს და არც საქანელას, დაიზარდნენ თაობები ამ სურამში და არ ღირსებიათ თანამედროვე ფორმის არც პარკი, არც სპორტის დარბაზი, არც კულტურის კერა, არც კინოთეატრი, არც საავადმყოფო, არც ავტოსადგური, არც სკოლა”, – ამბობს ადგილობრივი მოსახლე ლელა ლეჟავა.
ხაშურის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ყოფილი რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა, ასევე მოეწყობა რკინის წყლის მიმდებარე ტერიტორია, გაკეთდება ცენტრალური საგზაო ინფრასტრუქტურაც.