აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უზენაესი საბჭოს წევრთა ნაწილმა 2019 წელს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები არასრულად შეავსო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა შედეგად კი დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 2 ფაქტი გამოავლინა.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
კვლევის თანახმად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძემ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია 2019 წლის თებერვალში შეავსო, როცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო. დეკლარაციის შევსებამდე აბაშიძე ფლობდა წილებს 7 სხვადახვა კომპანიაში, რომლებიც მან მართვის უფლებით მეუღლეს თამარ ჩხეიძეს გადასცა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სრულად არ აქვს დეკლარაციაში ასახული.
ასევე, დეკლარაციაში არ არის მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აბაშიძე ფლობს წილებს შემდეგ შპს-ებში: შპს „პრაიმ ჰიდრო Prime Hydro” – 25% წილის მფლობელი (წილის მმართველი თამარ ჩხეიძე); შპს „მურანო გეორგია ალიანს” – 60% წილის მფლობელი (წილის მმართველი თამარ ჩხეიძე);
რუსლან აბაშიძეს, ასევე, არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე თამარ ჩხეიძე ფლობს წილებს და არის დირექტორი 5 კომპანიაში.
რუსლან აბაშიძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის 28 სექტემბერს 59 958 ლარი შესწირა, ამავე დღეს სალომე ზურაბიშვილს 6 000 ლარი შესწირა აბაშიძის მეუღლემ, თამარ ჩხეიძემაც.
კვლევის მიხედვით დეკლარაცია არასრულად აქვთ შევსებული და ინფორმაცია კომპანიებში წილების შესახებ არ აქვთ მითითებული აფხაზეთის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუას, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრ რუდიკ ცატავას და საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელიას.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, მიმართავენ საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
კვლევის სრულად სანახავად გადადით ამ ბმულზე.