ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით, ხვალ, 11 ივლისს ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში“, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება. ფორუმს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.
ფორუმში 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას მაღალი თანამდებობის პირები. ასევე, ფორუმის მუშაობაში მონაწილოებას მიიღებენ საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის სექტორების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, რომელზეც ექვსივე მონაწილე ქვეყნის – აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან საინვესტიციო პროექტები იქნება წარდგენილი. კატალოგი ინვესტორებს ევროკავშირიდან საშუალებას მისცემს, დეტალურად გაეცნონ მათ და დაინტერესების შემთხვევაში, წარადგინონ საინვესტიციო წინადადებები.