საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაობის დათვალიერებისას განაცხადა, რომ შემოვლითი გზებით მგზავრობის დრო თითქმის ნახევრდება.
პროექტის ფარგლებში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს 13 კილომეტრი სიგრძის 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი აშენდება.
ახალი შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
“ამ გზის მშენებლობა აუცილებელია, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ბათუმი განიტვირთს სატრანზიტო მოძრაობისგან, რაც ხელს უშლის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ამას გარდა, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განუყოფელი ნაწილი, ავტობანი გვჭირდება იმისთვის, რომ ერთის მხრივ უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილება უზრუნველვყოთ და მეორეს მხრივ სატრანზიტო რესურსი სრულად ავითვისოთ. შემოვლითი გზების საშუალებით მნიშვნელოვნად მოკლდება მაგისტრალის საერთო სიგრძე, მგზავრობის დრო კი თითქმის ნახევრდება,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტი, რომლის დასრულება მომავალ წელს იგეგმება, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება 330 მილიონ ლარამდეა.