თბილისის მერია MAN-ის ავტობუსების შემოყვანაზე პასუხისმგებელ კომპანიას დააჯარიმებს

924

წინა სტატია

თბილისის მერია ავტობუსების დაგვიანებით შემოყვანის გამო კომპანია “TEGETA TRUCK AND BUS-ს” დააჯარიმებს. საქმე ეხება მერიის მიერ შესყიდულ MAN-ის 90 ავტობუსს, რომლის ნაწილიც, 50  ავტობუსი, კომპანიას მერიისთვის ჯერ არ მიუწოდებია. მიწოდების ვადა ივნისში ამოიწურა.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა, ნებისმიერ გადაცილებულ თვეზე კომპანია ჯარიმას იხდის. ჯარმის ოდენობა მას შემდეგ დაითვლება, რაც კომპანია ავტობუსებს მერიას მიაწოდებს.

“თუმცა, აუცილებლად მოგვაწოდებენ ყველა იმ ავტობუსს, რომელიც შეკვეთილია. შეიძლება კომპანიის მხრიდან იყოს შეყოვნება როგორც მოწოდების, ასევე ავტობუსების დამზადების თვალსაზრისით. ხშირად მომწოდებლები ვერ ასწრებენ თავის დროზე მოწოდებას. სამწუხაროდ, გვიწევს დაჯარიმება მომწოდებელი კომპანიის, მაგრამ საბოლოო ჯამში, სატრანსპორტო ერთიანი სქემის გაშვება არ დაგვიანდება. ი

ცით, რომ ავტობუსებთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ეს არის პირველი პარტიის მეორე ნაკადი, რომელსაც ვღებულობთ. მომდევნო თვეებში კვლავ გამოცხადდება ტენდერები, მათ შორის ელექტროავტობუსების შეძენაზე. ჩვენ ავტობუსების ჩანაცვლების მთლიან პროგრამას დავასრულებთ 2021 წელს მაშინ, როდესაც მთლიანი ინფრასტრუქტურა ავტობუსებისთვის ცალკე სავალი ზოლისა და სატრანსპორტო სქემის შეცვლასთან დაკავშირებით იქნება დასრულებული. ჩვენ ორ წელიწადში მთლიანად განახლებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გვექნება“, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, თბილისს ორ წელიწადში, დაახლოებით, 1 000-მდე ავტობუსი ეყოლება.

“შედარებისთვის ეს არის, დაახლოებით, 300-ით მეტი, ვიდრე დღეს გვყავს. თუმცა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ერთი განსხვავება, რომ ჩვენ ავტობუსებში ადგილებს 48 ათასიდან 100 ათასამდე გავზრდით. ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ შევიძენთ 18 და 24-მეტრიან ავტობუსებს, რომელიც ჯერ არ შეგვიკვეთავს. ამ ავტობუსებისთვის უკვე მიმდინარეობს შესაბამისი სატრანსპორტო დაგეგმარება ქუჩების. ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე იქნება ცალკე საავტობუსო ზოლები, ასევე იქნება ჭავჭავაძის გამზირზე“, – განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე “ვითიბი” ბანკისა და ბანკი “ქართუს” პლასტიკური ბარათებითაც შესაძლებელია. ამასთან, 4 ივლისიდან უბილეთო მგზავრები 5-ის ნაცვლად 20 ლარით ჯარიმდებიან.