სოფელ გურჯაანში, სახასოს უბანში, მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, წყალი შეფერხებით მიეწოდებათ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“წყლის პრობლემა წლებია გვაქვს, ცოტა ხნის წინ თითქოს მოგვარდა, გაკეთდა ჭაბურღილი, მაგრამ აქ პრობლემა წყლის მართვის სისტემაა, ეს არის შესაცვლელი. სათავეზე წყლის რეზერვის ავსებას 5 საათი უნდება, რადგან ახლა ზაფხულია, მოთხოვნა დიდია და ეს მარაგი არავის არ ყოფნის.
აუცილებელია ავზის ორჯერ ან სამჯერ ავსება, რომ მოსახლეობისთვის საკმარისი იყოს. ადგილობრივები, რომლებიც სოფლის ქვემოთ ცხოვრობენ, წყლით ადვილად მარაგდებიან, ცენტრალურ გზაზე კი ვინც ცხოვრობს, იმათთვის შეფერხებულად მოდის, რადგან წნევა აღარ ყოფნით”,– ამბობენ ადგილობრივები.
მუნიციპალური სერვისის ხელმძღვანელი, თამაზ აბრამიშვილი ამბობს, რომ სოფელ გურჯაანში წყალმომარაგებისთვის მათ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განახორციელეს.
ის წყალმომარაგების პრობლემას სისტემის გაუმართავობასთან ერთად, მოსახლეობის მიერ წყლის არამიზნობრივად გამოყენებასაც უკავშირებს.
“ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სოფელ გურჯაანის მოსახლეობის წყალმომარაგება მომხდარიყო: შეიცვალა ჭაბურღილზე წყალსაქაჩი, ორჯერ ივსება დღეში ავზი და მიეწოდება მოსახლეობას. მიწოდებაც რეგულირდება უბნების მიხედვით. პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობა წყალს არამიზნობრივად იყენებს, ზოგს ონკანი არ აქვს კარგი, ზოგიც არ კეტავს და იკარგება დიდი რაოდენობით წყალი ”,– აღნიშნავს თამაზ აბრამიშვილი.