მესხეთის თეატრის შენობის სრული რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტებს ტენდერში გამარჯვებული შპს “დემარკი” მოამზადებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“მთლიანი შენობის რეაბილიტაციას ჩავატარებთ. სარდაფებიდან დაწყებული, შიგნით სკამები, იატაკი, ჭერი, სხვადასხვა ოთახები, საგრიმიორო, სველი წერტილები – ყველაფერი დაინგრევა და ახალი გაკეთდება. გაკეთდება სახანძრო სისტემა, დამონტაჟდება კონდიცირების სისტემა, როგორც ყველა თანამედროვე თეატრშია, ისე. სახურავი და მცირე სცენა გაკეთებული გვაქვს. ამიტომ, ამათ გარდა, ყველაფერს ჩაუტარდება რეაბილიტაცია“, – ამბობს მესხეთის თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი.
მისივე თქმით, თეატრის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება. “ნოემბერში თუ ჩამაბარებენ პროექტს, წელს გაკეთება ვეღარ მოესწრება“.
საპროექტო დოკუმენტების მომზადების ბოლო ვადა, ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღეა. მესხეთის თეატრმა შპს “დემარკთან” ხელშეკრულება 26 ივნისს გააფორმა.