კახეთში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა

899

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო “ჯორჯიაზ ნეიჩრლი“, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, უკვე ამოქმედდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, “ჯორჯიაზ ნეიჩრლის“ ხილის და ბოსტნეულის გადამმუშავებელ მეურნეობაში წლიურად 4 000 ტონა ხილის და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი, ამჟამად წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი. კომპანია
“გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 2 808 920 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 630 200 ლარი გრანტია, ხოლო 1 252 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაინერგა სტანდარტი ISO 22:000. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორგანული წარმოების სტანდარტის დანერგვა და 2019 წლის აგვისტოში კომპანია დარეგისტრირდება როგორც “ორგანული პროდუქციის გადამამუშავებელი“ საწარმო.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით 200 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

“მთავრობის მიერ განხორციელებული აგრარული დარგის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც უკანასკნელი 5 წლის მანძილზე 190-ზე მეტი საწარმო შეიქმნა, არის წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული. ის სტანდარტი, რომელიც საწარმოში “ჯორჯიაზ ნეიჩრლი“ არის დანერგილი, ადასტურებს ჩვენს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, ვიყოთ მაღალ ხარისხზე ორიენტირებული და ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიო ბაზრებზე“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო  არაერთ პროექტსა და პროგრამას ახორციელებს, რომლებიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია სოფლად ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.