ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ჯამურ რეიტინგში თბილისი, 43%-ით, მე-10 ადგილზეა

2254

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შედეგების თანახმად, მუნიციპალიტეტების ჯამურ რეიტინგში თბილისი, 43%-ით, მე-10 ადგილზეა. რეიტინგში დედაქალაქს ბათუმის, რუსთავის, ლაგოდეხის, ზუგდიდის, თეთრიწყაროს, ოზურგეთის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და თელავის მუნიციპალიტეტები უსწრებენ.

რაც შეეხება თბილისის მერიისა და საკრებულოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს, როგორც კვლევიდან ირკვევა, საკრებულომ მერიაზე უკეთესი შედეგი აჩვენა. თუ თბილისის საკრებულოს მაჩვენებელი 53%-ია, მერიის შედეგი მხოლოდ 37%-ია.

2019 წლის რეიტინგში პირველ ადგილზე ბათუმი გავიდა და ცხადია, ის, ასევე ლიდერობს თვითმმართველი ქალაქების რეიტინგშიც. მისი ჯამური შედეგი 61%-ია. ბათუმში მერიის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი 63%-ით არის შეფასებული, ხოლო საკრებულოსი – 58%-ით.

საერთო რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს რუსთავი, რომლის ჯამური შედეგიც 57%-ია. რაც შეეხება მერიისა და საკრებულოს შედეგებს, ისინი თითქმის იდენტურია: მერია – 57%, ხოლო საკრებულო – 56%.

საერთო რეიტინგში მე-15 ადგილზე აღმოჩნდა კიდევ ერთი თვითმმართველი ქალაქი, ქუთაისი, რომლის ჯამურ რეიტინგსაც 38% შეადგენს. აქაც მერიისა და საკრებულოს შედეგები, პრაქტიკულად, ერთნაირია: მერიის შედეგი 37%-ს, ხოლო საკრებულოს შედეგი 38%-ს შეადგენს.

თვითმმართველი ქალაქებიდან ყველაზე ცუდი შედეგების მქონე მუნიციპალიტეტთა სიაში მოხვდა ფოთი, რომელიც საერთო რეიტინგში 36-ე ადგილს იკავებს და რომლის ჯამური შედეგიც 24%-ს შეადგენს. როგორც ირკვევა, ფოთის მერიის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი 27%-ით შეფასდა, ხოლო საკრებულოსი – 19%-ით.

ჯამში, თვითმმართველი ქალაქების შედეგები ასეთია: 1. ბათუმი – 61%, 2. რუსთავი – 57%, 3. თბილისი – 43%, 4. ქუთაისი – 38%, 5. ფოთი – 24%.

თვითმმართველი ქალაქების მერიების შედეგები კი ასე გამოიყურება: 1. ბათუმის მერია – 63%; 2. რუსთავის მერია – 57%, 3. თბილისის და ქუთაისის მერიები – 37%, 4. ფოთის მერია – 27%.

რაც შეეხება ამავე ქალაქების საკრებულოებს, შედეგი ასეთია: 1. ბათუმის საკრებულო – 58%, 2. რუსთავის საკრებულო – 56%, 3. თბილისის საკრებულო – 53%, 4. ქუთაისის საკრებულო – 38%, 5. ფოთის საკრებულო – 19%.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევითა და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის დეტალური შედეგები მუნიციპალიტეტების მიხედვით იხილეთ ბმულზე.