თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების მაჩვენებელი 29%-ია

2622

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების საერთო მაჩვენებელი 29%-ია, – ამის შესახებ  ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შედეგების ანგარიშშია ნათქვამი.

კვლევის ავტორთა თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, თუმცა, 2017 წლის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.

ძირითადად, გაუმჯობესებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოების ფუნქციონირება. თუმცა, როგორც ირკვევა, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, 64 მუნიციპალიტეტიდან 11-ში ამ დრომდე არ შექმნილა.

კვლევიდან, ასევე, ირკვევა, რომ მონაწილეობის საბიუჯეტო პროგრამები მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. საკრებულოების 50% არ იყეებს ვებგვერდს დაგეგმილი სხდომების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, საკრებულოს ნახევარზე მეტი არ აქვეყნებს, აგრეთვე, სხდომის ოქმებს.

გაუარესებულია, ასევე, მერისა და საკრებულოს წევრთა ანგარიშების საჯარო მოსმენის პრაქტიკაც. მხოლოდ 26 მერმა და 15 საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ გამართა საკუთარი აგნარიშის საჯარო მოსმენა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევითა და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის დეტალური შედეგები მუნიციპალიტეტების მიხედვით იხილეთ ბმულზე.