ბახტრიონის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად 65 ათასამდე ლარი დაიხარჯა

1216

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N18-N20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურადა ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა. ამასთან, სკვერში მცენარეთა-მოვლა პატრონობის ღონისძიებებიც ჩატარდა და გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირების სამუშაოები განხორციელდა.

სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 63 528 ლარი დაიხარჯა.

“ვფიქრობ, ლამაზი დასასვენებელი სივრცე გამოვიდა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ კომფორტულად შეძლოს დასვენება. ჩვენთვის მსგავსი სივრცეების მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, მუშაობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.