დღეს “ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

953

დღეს, პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 17:00 საათისთვის შეიკრიბებიან.

უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის ფარგლებში ჩატარებას ითვალისწინებს. ასევე, დღევანდელ სხდომაზე იმ დეპუტატებს მოუსმენენ, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის თქმით, საინტერესოა ყველა ის საკითხი, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე უნდა იქნას განხილული.

ამასთან, ვოლსკის ინფორმაციით, სხდომაზე, განიხილავენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და პროცესებს.

“ჩვენ კოლეგებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ გვითხრან იმის შესახებ, ვინმეს მართლა ეგონა, რომ პარლამენტმა სასამართლო უნდა ჩაანაცვლოს და აქედან გამომდინარე შეიკავა თავი თუ სხვა გარემოებები და მოსაზრებები არსებობს. ზოგი განცხადება, რომელიც ტელევიზიით მოვისმინეთ, ვფიქრობ, არ არის საკმარისი და საჭიროა უფრო სიღრმისეული შეფასება მოვისმინოთ. ასევე, უმნიშვნელოვანესი თემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რადგან, ამას სერიოზული პროცესი ახლავს თან. ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს და ამ პოზიციას დავიცავთ”,-აცხადებს ვოლსკი.