ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს პროგრამის – “შენი იდეა ბათუმს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი, თეონა კეშელავა, ბათუმში Hollywood-ის მსგავსი წარწერის გაკეთებას ითხოვს.
მისი თქმით, წარწერა სავიზიტო ბარათად იქცევა ბათუმისთვის.
“ძველი წარწერის ფონზე დღესაც იღებენ ტურისტები ფოტოებს. ახალი წარწერა ბევრად უფრო მიმზიდველი და სანახაობრივი იქნება. ტურისტებისა და ბათუმელებისთვის ულამაზესი სანახაობა იქნება ქართული და ლათინური ასოებით დაწერილი ბათუმი, შუაში ბათუმის ლოგოთი. განსაკუთრებით ღამით. ასოების სიმაღლე 3,5 მეტრია, ხოლო სიგანე 37 მეტრი”, – აცხადებს თეონა კეშელავა.
აღნიშნული პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 40 000 ლარს შეადგენს. დამატებითი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.
პროექტის “შენი იდეა ბათუმს” ჯამური ბიუჯეტი 120 000 ლარია. ხოლო, რა პროექტებს მოხმარდეს აღნიშნული თანხა ამას ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფები გადაწყვეტენ.
შეგახსენებთ, რომ Hollywood-ის მსგავსი წარწერის გაკეთებას თხოვნით გასულ წელს თბილისის მერსაც მიმართეს.