კეთილმოწყობის მოლოდინში – რა სჭირდება დამსვენებელს ახალციხის ტბაზე

1142

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: თაკო ფეიქრიშვილი

ტურისტული სეზონს ახალციხის ხელოვნური ტბა ისევ მოუწყობელი ინფრასტრუქტურით შეხვდა. აქ ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ნავების ახალი ბაქანის გაკეთება იგეგმება. ხელშეკრულება მზადდება ტბის მკვებავი მილსადენის სათავე-ნაგებობის მოწესრიგებისთვისაც.

მაისიდან ახალციხის ტბაზე განტვირთვის და ვარჯიშის მსურველთა რაოდენობამ იმატა. მათი უმრავლესობა აქ საღამოს მოდის. გასართობად მოჰყავთ მცირეწლოვნებიც. ტბის ტერიტორიაზე დასვენების მსურველთა ნაწილი ამბობს, რომ ტერიტორია კეთილმოწყობილი არ არის. გარდა ამისა, საღამოს აქ ხალხთან ერთად თავს იყრიან მიუსაფარი ძაღლებიც.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ხელოვნურ ტბასთან სხვადასხვა გასართობის და დასასვენებელი ადგილის მოწყობაა შესაძლებელი.

“შეიძლება აქ დასვენება, მაგრამ არ არის კეთილმოწყობილი და გული მწყდება. ელემენტარულად, ქოლგები მაინც რომ დადგან, რომ ხალხმა თავი შეაფაროს, ეს არ იქნება დიდ თანხებთან დაკავშირებული, ასევე, ღია კაფე რომ გაკეთდეს. არანაირი გასართობი არ არის. მხოლოდ ეს ნავებია და ბავშვები ერთობიან, უფროსებისთვის არანაირი საშუალება არ არის“, – ამბობს ახალციხელი ქეთინო ნასყიდაშვილი.

ახალციხელი დავით ბახტაძე ამბობს, რომ ტბაზე, ძირითადად, საღამოს, მეგობრებთან ერთად მიდის: “ქალაქში ერთი ეს ადგილია, სადაც შეგიძლია, საღამოს გამოხვიდე. ძირითადად, სამსახურის შემდეგ მოვდივართ. ამ ადგილზე ბევრი რამის დამატება შეიძლება. მაგალითად, ბავშვების გასართობი ადგილები არ არის, კაფე, ყავის დალევაც შუძლებელია, პატარა რესტორანიც კარგი იქნება“.

“ხელოვნური ტბის“ ტერიტორიაზე ინფრასტრუქუტურის მოწესრიგება ივნისში დაიწყო. ტენდერში შპს “პერსპექტივამ“ გაიმარჯვა, რომელიც სამუშაოებს 21 248 ლარად შეასრულებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აქ არსებული ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ახალი მისადგომი ბაქანის მოწყობა აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.

ა(ა)იპ “ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების“ ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე ამბობს, რომ ტბის ტერიტორიაზე არსებული სამუშაოები ტენდერით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება და დაჩქარების შესაძლებლობა არ აქვთ: “ტენდერი მერიამ გამოაცხადა და გამარჯვებულ კომპანიას თავისი ვადა აქვს, რომ დაასრულოს“.

მისივე თქმით, იგეგმება ხელოვნური ტბის მკვებავი მილსადენის სათავე-ნაგებობის მოწყობაც. ამისთვის კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა. შპს “არო“ სამუშაოებს 44 861 ლარად შეასრულებს. კომპანიასთან, ამ ეტაპზე, ხელშეკრულება ფორმდება.

“სათავე-ნაგებობა სოფელ ივლიტასთანაა, ქალაქიდან შორს არის, რომ რაც შეიძლება სუფთა წყალი წამოვიდეს. გასულ წელს, წყალდიდობა იყო და დაანგრია სათავე, ამიტომ ყოველთვის პრობლემა გვაქვს ხოლმე წყლის მიღებასთან დაკავშირებით. სამუშაოების შემდეგ, როცა ცუდი ამინდი იქნება და მღვრიე წყალი წამოვა, შეგვეძლება ჩავკეტოთ სათავეზე და ჭუჭყიანი წყალი არ გამოვუშვათ, სანამ არ დაიწმინდება“, – ამბობს ჯემალ გიორგაძე.

ტბის ადმინისტრაციის საკუთრებაშია ველოსიპედები, ნავები და წყლის ველოსიპედები. მათი ქირაობა დღის საათებშია შესაძლებელი. ერთი საათით წყლის ველოსიპედი 10 ლარი ღირს, ნავი და ველოსიპედი კი – 5 ლარი.

გარდა ამისა, ტბაზე შესაძლებელია თევზაობაც. მისი ღირებულებაც ხუთი ლარია: “მოვდივართ, ნებართვას ვიღებთ, მერე ხუთ ლარს ვიხდით და საღამომდე შეგვიძლია ვითევზაოთ, ოღონდ ქვირითობის დროს – არა. მე ხშირად მოვდივარ, კვირაში 3-4-ჯერ ვთევზაობ. შეგიძლია ანკესი მოიტანო ან შეგიძლია იქირაო. თევზის სახეობა ძირითადად “კარასია“, – ამბობს იმედა ნადიბაიძე.

მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ტბის ადმინისტრაცია მხოლოდ სპორტული მოწყობილობების დადგმას აპირებს: “სპორტულ–გამაჯანსაღებელი მოწყობილობების დადგმაზე იყო საუბარი, მერია გეგმავს. ჩვენ გასულ წელს წყლის ველოსიპედები შევიძინეთ. სხვა გეგმები ამ წელს არ გვაქვს“.