“1 ტურისტი – 1 ხე” – იდეა ბათუმის მერს

1313

ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს პროგრამის – “შენი იდეა ბათუმს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი, მარიამ მიქელაძე, პროექტის “მწვანე ტურიზმის” განხილვას სთავაზობს.

“,,მწვანე ტურიზმი” ნებისმიერ მოგზაურს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო გამოწვევაში, რაც ხე-მცენარეების დარგვას გულისხმობს და შეიტანოს წვლილი ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში. ტურისტზე გაიცემა სერთიფიკატი სუვენირის სახით, რომელიც ადასტურებს, რომ მან ნამდვილად დარგო ხე ერთ-ერთი მოგზაურობის დროს.

ხეზე, რომელსაც რგავს ტურისტი, დატანილი იქნება ამავე ტურისტის სახელი და გვარი და შესაბამისად ამ ხეს ენიჭება თავისი სახელობის სტატუსი.

პროექტის რეალიზაციისთვის ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ მოწოდებული კატალოგიდან შერჩეულ იქნა მცენარე – მაგნოლია (დიდყვავილა). 

2018 წლის 9 თვის მონაცემებით აჭარაში, დაახლოებით, 2 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა. პროექტში მოგზაურების საერთო რაოდენობის მინიმუმის, დაახლოებით, 0.1 %-ის ჩართულობით რეგიონს 2 000 ხე შეემატება. აღსდგება მწვანე საფარი და ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების რაოდენობა მიაღწევს საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ ნორმას 12-15 კვ/მ. ამ ეტაპზე, ჩვენს რეგიონში გამწვანების თითქმის ორჯერ დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება”, – ნათქვამია იდეის აღწერაში.

ავტორის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ბუნებრივი გარემოს აღდგენას, გამწვანების ზოლის გაზრდას, ტურიზმის ხელშეწყობას და რეგიონში ტურისტის მოგზაურობის სიმბოლიზირებას, კერძოდ, რეგიონში ყოფნის პერიოდში თითოეული ტურისტი რგავს თითო ხეს სიმბოლურად, რის გამოც იზრდება ალბათობა იმისა რომ ის რეგიონში ისევ დაბრუნდება, რათა ნახოს მის მიერ დარგული ხის მდგომარეობა.

პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 36 800 ლარს შეადგენს. დამატებითი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ პროექტის “შენი იდეა ბათუმს” ჯამური ბიუჯეტი 120 000 ლარია. ხოლო რა პროექტებს მოხმარდეს აღნიშნული თანხა ამას ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფები გადაწყვეტენ.