რამდენიმე დღის წინ თელავის ისტორიულ ნაწილში, სავარაუდოდ, მე-11 საუკუნით დათარიღებული კვირიკე დიდის სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც, შესაძლოა, ახალი ტურისტული და არქეოლოგიური რუკის შექმნის საფუძველი გახდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ექსპედიციის ხელმძღვანელის, არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ინფორმაციით, გათხრების შედეგად სხვა უძველესი ნაშთებიც არის ნაპოვნი. მისივე თქმით, აღმოჩენების მიხედვით ახალ ტურისტულ რუკებზე მუშაობა იგეგმება.
“ქალაქის დასავლეთ ნაწილში V-VII საუკუნეებით დათარიღებული რიგით მეხუთე ციხე-კოშკის ნაშთებსაც მივაკვლიეთ, რომელსაც თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. XI საუკუნის სასახლის ნაშთის საფუძველზე არ არის გამორიცხული, რომ ახალი ტურისტული და არქეოლოგიური რუკა შეიქმნას.“, – განაცხადა ლაღიაშვილმა.
ქალაქ თელავის ისტორიულ ნაწილში არქეოლოგიური გათხრები ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.