ასპინძის სოფელ ტოლოშის მცხოვრებლებს აწყვიტას გზის რეაბილიტაციისას სარწყავი არხი გაუუქმეს

1075

ასპინძაში, სოფელ ტოლოშში, ხუთამდე ოჯახს, აწყვიტას გზის რეაბილიტაციისას, სარწყავი არხი გაუუქმეს. ერთ–ერთი ადგილობრივი არხის აღდგენას ითხოვს. მშენებელი კომპანია კი საკითხის შესწავლას ჰპირდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცლებს.

სოფელ ტოლოშის მკვიდრი ელდარ ზაზაძე ამბობს, რომ სარწყავი არხი, რომლითაც 28 წლის განმავლობაში სარგებლობდა, აწყვიტასთან დამაკავშირებელ გზაზე იყო გაყვანილი და მდინარესთან შეერთებული. ამ წყალსადენით კი, კიდევ ოთხი ოჯახი სარგებლობდა.

ზაზაძე ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ, აწყვიტას გზაზე დაწყებული სამუშაოების შემდეგ, არხი გაუუქმეს და ნათესებს ვეღარ რწყავს: “მეც და სამეზობლოს, გრუნტი გვქონდა გადაჭრილი და ასე ვსარგებლობდით სარწყავით. ახალ პროექტში არ დაიტანეს არხი და დავრჩით ასე. სხვა ალტერნატივა არ მაქვს, რომ წყალი შევიყვანო. ნათესები მიხმება“.

ელდარ ზაზაძე კომპანიისგან ექვსი მეტრის, 150 მმ–იან მილის მოწყობას ითხოვს: “იმხელა ტერიტორიიაა, რომ ეს მილი საკმარისი იქნება“.

ამ ტერიტორიაზე ადგილობრივებს, დაახლოებით, 15 –15 მეასედი სათესი ნაკვეთები აქვთ. არხით სარგებლობდა ადგილობრივი ემზარ დავლაშერიძეც.

“ყოველ წელს ამ არხით ვასარწყავიანებ ნაკვეთებს. მითხრეს გააუქმესო, მაგრამ რაც გზის რეაბილიტაცია დაიწყო, მე სოფელში არ ვყოფილვარ და არც არავისთვის მიმიმართავს არხი გაგვიკეთეთო“, – გვეუბნება ემზარ დავლაშერიძე.

აწყვიტასა და ტოლოშის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გზის დაპროექტებისას ადგილზე არ ყოფილან და არც სარწყავი არხის შესახებ იციან რამე.

აწყვიტას გზის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ასტორია“ ახორციელებს. მისი ხელმძღვანელის მალხაზ მანველიშვილის თქმით, საკითხის შესახებ იცის და ადგილზე შეისწავლის.

“მე ადგილობრივებს დავპირდი, რომ ავალ და ამ ტერიტორიას ვნახავ. თუ შესაძლებლობა იქნება, გზაზე არხსაც გავიყვანთ და სარწყავი წყალი ექნებათ. როგორც საჭიროა, ისე გავაკეთებთ ყველაფერს“, – ამბობს მალხაზ მანველიშვილი.

შეგახსენებთ, რომ აწყვიტაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და სამუშაოების ფარგლებში სამ კილომეტრამდე გზა უნდა მოასფალტდეს. ამ დროისათვის კი გზის მოხრეშვა მიმდინარეობს.