ახალციხის მერიამ სოფელ წყორძაში სარწყავი სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

1084

წინა სტატია

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში, სარწყავი სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოების საწყისი ღირებულება 49 749 ლარია. წყორძა ერთ–ერთია იმ სოფლებს შორის, სადაც იაპონიის საელჩოს ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტი უნდა განეხორციელებინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

წყორძაში სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფისათვის, ახალციხის მერიამ ტენდერი 14 ივნისს გამოაცხადა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 ივნისია.

როგორც ახალციხის მერიაში ამბობენ, სოფელში, გასულ წლებში, ხელოვნური სარწყავი სისტემა მოეწყო, ახლა კი ტენდერი მისი მაგისტრალის მოსაწყობად გამოცხადდა: “ხელოვნური სარწყავი არხის განშტოებები უნდა გაკეთდეს, რომ სოფელმა სრულად ისარგებლოს სარწყავი წყლით“.

სოფელი წყორძა, იმ ექვს სოფელს შორის არის, სადაც გასულ წელს იაპონიის საელჩოს გასარწყავიანების პროექტი უნდა განეხორციელებინა.

პროექტის მიხედვით, წყორძის, ანდრიაწმინდის, ახალშენის, მინაძის, ღრელისა და ჭაჭარაქის 200 ჰექტარი ფართობი უნდა მორწყულიყო, სათავე კი ურავლის წყაროს წყლები იქნებოდა. თუმცა პროექტის განხორციელება დაწყებიდან მალევე, სოფელ ურავლის მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა. მათი პროტესტის მიზეზი კი წყლის დაშრობის საფრთხე იყო.

იმის დასადგენად, რომ ურავლის ხეობაში წყლის დებეტი პროექტის განსახორციელებლად საკმარისი იყო, ახალციხის მერიამ გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასებაც გააკეთა, თუმცა ადგილობრივები პროექტის განხორციელებაში მაინც ვერ დაარწმუნა. გაგრძელდება თუ არა ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტი, უცნობია.