მსოფლიო ბანკმა “საქართველოს მელიორაციას” 25 ავტომანქანა გადასცა

863

მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას 25 “რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ გადმოცემული ტექნიკა, საქართველოს მელიორაციის საქმიანობის ეფექტიანი წარმართვისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

“მელიორაციის კომპანიამ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში სრულად განაახლა ავტოპარკი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ საირიგაციო არხების აღდგენისა თუ ირიგაციის გამართული სამუშაოებისთვის კომპანიის რებრენდინგი საქმიანობის წარმართვას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შპს “საქართველოს მელიორაცია“ 2015 წლიდან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, როგორც სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ისე ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფის მიზნით, 45 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.

დღეისათვის დასრულებულია ქვემო სამგორის, ზედა რუსა და ტბისი კუმისის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხების სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები; ამჟამად აღნიშნული სისტემების შიდა სამეურნეო ქსელებზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

“ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამა” შპს “საქართველოს მელიორაციის“ ინსტიტუციონალურ განვითარებას უწყობს ხელს, რაც ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას, ეროვნული მოდერნიზაციის გეგმის შემუშავებას, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობასა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითვალისწინებს.