კალაძე: თბილისში ქაოსური მშენებლობები მიუღებელია

600

ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც თბილისში წლების განმავლობაში იყო, რომ ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ეს ნამდვილად არ გამოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციის გახსნისას განაცხადა.

“ეკონომიკური სექტორების დივერსიფიცირება და ახალი საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრა განსაკუთებით მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის. ეს საკმაოდ საინტერესოა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის მერიის დაკვეთით “deloitte საქართველომ” განახორციელა თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა, რომელიც მოიცავს თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას და საინვესტიციო პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს. კვლევა მნიშვნელოვანია დედაქალაქის გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და კვლევაშიც ნათლად გამოჩნდება, თუ რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ჩვენს ქალაქს. მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავივიწყოთ, უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. ჩვენ ეს პრობლემები გვქონდა წლების განმავლობაში და შედეგიც არის სახეზე ის, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქალაქი. ჩვენ მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, არის განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი წინ უნდა წავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, უნდა გავაკეთოთ ხარისხიანად. ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, რომ ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ეს ნამდვილად არ გამოვა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ზოგადად, სამშენებლო სექტორი და ბიზნესიც გადაეწყო იმ მოთხოვნებზე და მიდგომებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან განისაზღვრა. სწორედ ასე იქნება ქალაქის სწორად განვითარება შესაძლებელი”,- განაცხადა კალაძემ.

კვლევა თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელდა და პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც მოიცავს სექტორში ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს და მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერ ღონისძიებებს.

“Deloitte საქართველომ“ იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით შეისწავლა წარმატებული მაგალითები რამდენიმე ევროპული ქალაქის მიხედვით და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით, მათ შორის, მუნიციპალური პროგრამებით.

თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის ანდრია ბასილაია თქმით, ინვესტორების მხრიდან თბილისში ინტერესი მაღალია და მერია ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ინტერესი შევინარჩუნდეს და მეტი ინვესტიცია განხორციელდეს.