საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბიძინა გეგიძის შეფასებით, პარლამენტის მიერ მშენებლობის კოდექსისა და გენერალური გეგმის მოქმედების დროებით შეჩერება მრავალი არამიზნობრივი მშენებლობის გაგრძელების მაღალ რისკს აჩენს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი პერიოდის განსაზღვრას მშენებლობის კოდექსთან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გააპროტესტეს.
გეგიძის განმარტებით, სრულიად მიუღებელია ფორსმაჟორულ ფორმატში, დაჩქარებული წესით იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და დამტკიცება, რომლებიც მეტწილად თბილისის მერიას ეხება და რომელთა მიხედვითაც, თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ამჟამად მოქმედი სამშენებლო რეგულაციები ნარჩუნდება.
“ხაზგასასმელია, რომ მშენებლობის კოდექსის მოქმედების გადავადება თბილისის მერიისათვის 2020 წლის სექტემბრამდე იგეგმება, თუმცა საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი კიდევ ერთ განსაკუთრებულ დათქმას მოიცავს, რომლის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები 2025 წლამდე ინარჩუნებს ძალას. მათი ახალ სამშენებლო კოდექსთან ჰარმონიზების ვალდებულება დღის წესრიგში მხოლოდ 2025 წლის შემდგომ დადგება, რის გამოც თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივა კოდექსის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ, წინააღმდეგობაში მოდის თვით მშენებლობის კოდექსისა და გენერალური გეგმის მიღების მიზნებთან“, – აცხადებს ბიძინა გეგიძე.