თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან ახალი კაბელების მონტაჟი დაიწყება. მისივე თქმით, მეტროს რეაბილიტაციის პროექტი კაბელების შეცვლასთან ერთად, ასევე, 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟს ითვალისწინებს.
ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, პირველი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი ერთი წლით შეიცვლება და იგი 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს.
“მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეტროში ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება ზუსტად ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამშაოები არ წარმოებულა. დაახლოებით, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი იქნება შეცვლილი ახალი, თანამედროვე, ISO სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი.
ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება 1 ივლისს, 2020 წლის ივლისში კი მთლიანად დამთავრდება ეს სამუშაოები. ამ პროექტის განხორციელების დროს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, იმიტომ, რომ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, ნორმალურ პირობებში იმუშაონ. შესაბამისად, მეტრო 1 ივლისიდან დილის 06:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე იმუშავებს და ჩემი თხოვნა სატრანსპორტო კომპანიასთან იქნება, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.