ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის მოსახლეობამ წყლის მიწოდების მოთხოვნით გზა გადაკეტა

1993

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მცხოვრებლები წყლის მიწოდებას ითხოვენ. მათ პროტესტის ნიშნად სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყალი ერთი თვეა არ მიეწოდებათ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“სოფელში ერთი თვეა წყალი არ მოდის, დასალევი წყალს მეზობელი სოფლებიდან ვეზიდებით, ან ქალაქში ჩავდივართ და ვყიდულობთ”, – განაცხადა სოფელ სალიბაურში მცხოვრებმა მადონა რიჟვაძემ.

აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც იმყოფებიან. მათი განცხადებით, გასულ წელს ხელვაჩაურში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად 5 მილიონი დაიხარჯა, თუმცა, წყლის პრობლემა ისევ დგას.

ადგილზე სოფლის გამგებელი გელა ცინცქილაძე მივიდა. როგორც გელა ცინცქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სოფელს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. მისი თქმით, ცენტრალურ რეზერვუარში წყლის მარაგი არ არის და ბათუმის წყალზე უნდა მოხდეს დაერთება. მისი თქმით, ბათუმის წყალზე დაერთებას ცენტრალური მთავრობიდან ნებართვა სჭირდება.