სიღნაღის 5 სამუსიკო სკოლის პედაგოგები მერიისგან სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ისინი სიღნაღის მერიაში მივიდნენ და მერს განმარტებები მოსთხოვეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
პედაგოგები აცხადებენ, რომ სიღნაღის მერმა სამივლინებო ხარჯი 20 ათასი ლარით გაზარდა იმ ფონზე, როცა არსებობს 1-თვიანი სახელფასო დავალიანება, რომელსაც არ ურიცხავენ.
სიღნაღის მერის გოგი გოგილაშვილის თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო ის ფინანსთა სამინისტროს უკვე ესაუბრა და დაგვიანებული დავალიანების საკითხის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ.
სამუსიკო სკოლის გარდა, მაისის ხელფასები არ მიუღიათ დასუფთავებისა და კიდევ რამდენიმე სამსახურის თანამშრომლებს. საერთო ჯამში, მერიის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა დავალიანება 200 ათასი ლარია.
სამუსიკოს სკოლების გარდა, ბაღის თანამშრომლები აცხადებენ, რომ თუ მერია დავალიანებებს დროულად არ დაფარავს, პროტესტის ნიშნად ბაღებში სასწავლო პროცესს შეწყვეტენ. მათი თქმით, ხელფასები მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღების თანამშრომლებსაც არ მიუღიათ.