ახალციხის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში ამბულატორიების მშენებლობა, სამში კი არსებული შენობის რეაბილიტაცია იწყება. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროდან, დაახლოებით, 453 000 ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სამ სოფელში, მუგარეთში, სხვილისსა და პატარა პამაჯში ჯანდაცვის სამინისტრო არსებული შენობების რეაბილიტაციას გეგმავს. თითოეულის სავარაუდო ღირებულება 26 000 ლარია.
სოფელ პამაჯის ამბულატორია, მეზობელ სოფლებს, ორალსა და ყულალისსაც მოემსახურება.
რაც შეეხება ახალ ამბულატორიებს, შენობა აშენდება კლდეში, აგარაში, ურაველში, ღრელში, საძელში, თისელსა და ხეოთში.
კლდეში, აგარასა და ურაველში, თითოეული შენობის სავარაუდო ღირებულება 65 000 ლარით განისაზღვრა. ღრელში, საძელში, თისელსა და ხეოთში კი 45 000– 45 000 ლარი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის სულ 453 000 ლარი დაიხარჯება.
“ამბულატორიების ღირებულება ბენეფიციართა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა. თანხაც და სოფლებიც ჯანდაცვის სამინისტროში შეირჩა“, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე.