თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზონალური საათობრივი პარკირება დედაქალაქში 1-ელი ივლისის ნაცვლად 1-ელ აგვისტოს ამოქმედდება. მისი თქმით, საპილოტე პროგრამა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების კვალდაკვალ უნდა ამოქმედდეს.
“გასულ კვირას დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა ზონალური საათობრივი პარკირების წესი, რომლის ინიციატორიც არის თბილისის მერია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით და მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანია ქალაქში გარემოს დაბინძურების და საცობების შემცირება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდა, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჩვენ ავტობუსების ჩანაცვლება, უკვე დაწყებული გვაქვს და კონკრეტული ნაბიჯები არის გადადმული. 90 ერთეული “მანის“ ერთეული შევიძინეთ და 40 ჩამოვა უახლოეს ერთ თვეში, თვენახევარში და მოემსახურება დედაქალაქის მცხოვრებლებს. გარდა ამისა, 8-მეტრიან 220 ავტობუსზე ხელშეკრულება გაფორმებულია და აგვისტოს ბოლოს დაიწყება შემოსვლა და წლის ბოლოს დამთავრდება“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, როცა საათობრივ პარკირებაზე გადავდივართ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალელურად უნდა მისდევდეს ამ რეფორმას.
“კონკრეტულ ადგილებზე და კონკრეტულ ადგილებზე ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ, იმდენად პოპულარული და კონფორტული უნდა გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. სატრანსპორტო სისტემის მოწესიგებასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზონალური პარკირება. მისი ამოქმედება დაგეგმილი იყო პირველი ივლისიდან, თუმცა როგორც გითხარით ყველა ავტობუსი ადგილზე უნდა იყოს, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ზონალური პარკირება 1-ელი ივლისის ნაცლად ამოქმედდეს 1-ელი აგვისტოდან. ეს არის საპილოტე პროექტი“, – განაცხადა კახი კალაძემ.
კალაძის ინფორმაციით, ზონალური საათობრივი პარკირება საპილოტე რეჟიმში თავდაპირველად კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანში ამოქმედდება. თუმცა ზონალური პარკირების გადასახადი არ იმოქმედებს აღნიშნულ ქუჩებსა და უბნებში ადგილობრივ მცხოვრებლებზე და ასევე, ელექტროავტომობილების მფლობელებზე.
რაც შეეხება გადასახადებს, მერის ინფორმაციით, საათობრივი პარკირების გადასახდელის გადახდა შესაძლებელი იქნება სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაც. უახლოეს მომავალში კი შეიქმნება სატელეფონო აპლიკაციაც. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიას ახალი ველოსიპედი არ გამოუგონებია და აღნიშნული რეფორმა სხვა დიდი ქალაქების საუკეთესო მაგალითების საფუძველზე ხორციელდება. საპილოტე პროექტის დატესტვის შემდეგ ზონალური საათობრივი პარკირება სხვადასხვა ქუჩებზეც ამოქმედდება.