1 ლარად გასხვისებული მიწის ნაკვეთები – განვითარების შანსი მუნიციპალიტეტებისთვის თუ მთავრობის უპასუხისმგებლობა?

5691

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

სახელმწიფო ქონება 1 ლარად ნინო ბურჯანაძეს, გიგი უგულავას ძმას, კუდის მაღალჩინოსან ლევან ქარდავას,  ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს, “ვისოლს”, “სილქროუდს”, “ორბი ჯგუფს”, საპატრიარქოს, სხვა, არაერთ კერძო პირსა და კომპანიას, კონკრეტული საინვესტიციო პირობებით, ან მის გარეშე, მოგვიანებით, არცთუ იშვიათად გადავადებული, ანდა საერთოდაც ჩამოწერილი ვალდებულებებით – უმეტესად, ასეთია პრაქტიკა, რომელიც, აგერ უკვე 10 წელზე მეტია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების 1 ლარად, ანუ სიმბოლურ ფასად გასხვისებისას სახელმწიფოს დაუგროვდა.

2007 წელს, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა შემოიღო, თქვა, რომ მისი მიზანი ინვესტორთა მოზიდვა იყო იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ბიზნესის, მეორე მხრივ კი, ამა თუ იმ სოფლისა და ქალაქის განვითარებისთვის ხელი შეეწყო, შექმნილიყო ახალი სამუშაო ადგილები და ამით მოქალაქეებისთვის რეგიონებში ცხოვრება გაუმჯობესებულიყო. ამავე მიზეზით, ქონების 1 ლარად გასხვისების პრაქტიკაზე უარი, ცხადია, არც ამჟამინდელ ხელისუფლებას უთქვამს.

ვის აქვს ქონების 1 ლარად გაყიდვის უფლება?

საქართველოს კანონმდებლობით, ქონების პირდაპირი წესით, 1 ლარად გაყიდვის უფლება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიას აქვთ.

2014 წელს მიღებული “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მუნიციპალიტეტებს ქონების ამ წესით გაყიდვა აეკრძალათ. ამის მიზეზად კი, პირველ რიგში, გაუმჭვირვალობისა და კორუფციის მაღალი რისკი დასახელდა. ამასთან, მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით გასხვისება გაცილებით მომგებიანია თვითმართველობისთვის, ვიდრე მისი 1 ლარად გაცემა. თუმცა, კოდექსის მიღებიდან 1 წელში, 2015 წელს, როდესაც ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის ვიცემერი გახდა, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, კოდექსში ცვლილებები შეატანინა და დედაქალაქს 1 ლარად ქონების გასხვისების უფლება მიეცა. თუმცა, იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ქონების ყველაზე დიდი განმკარგველი ეკონომიკის სამინისტროა, ამ პრაქტიკას უმეტესად სწორედ ეს უწყება იყენებს.

როგორია ბოლო 5 წლის სტატისტიკა?

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყებამ, მხოლოდ ბოლო 5 წელში, 2015 წლიდან დღემდე, გარკვეული საპრივატიზებო ვალდებულებებით, 1 ლარად, ჯამში, 95 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაყიდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები ოფიციალურია, ის მაინც არ არის უტყუარი სტატისტიკა, ვინაიდან 1 ლარად გასხვისებული ქონების ნაწილის ღირებულების შესახებ სააგენტოში ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ, რადგანაც გასხვისებამდე ამ ქონების ღირებულება არ შეფასებულა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს 77 044 669 ლარის სახელმწიფო ქონებაა 1 ლარად გაყიდული.

რას იღებენ და კარგავენ მუნიციპალიტეტები სახელმწიფო ქონების 1 ლარად გასხვისებიდან?

როგორც უკვე გითხარით, სახელმწიფო ქონების 1 ლარად გასხვისების უმთავრესი მიზანი ინვესტიციების მოზიდვა და ამით სამუშაო ადგილების შექმნაა. ცხადია, გარდა სამუშაო ადგილებისა, თვითმმართველობებში ინვესტიციების მოზიდვამ და ბიზნესის განვითარებამ მუნიციპალური განვითარების შესაძლებლობებიც უნდა გაზარდოს. თუმცა, როგორც წესი, ასე ვერ ხდება, უფრო კი პირიქით, თვითმმართველობები იმ მიზერულ შემოსავლებსაც კარგავენ, რასაც სახელმწიფოს მიერ ამ ქონების აუქციონის წესით გაყიდვიდან მიიღებდნენ.

სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გასაჯაროებულა კონკრეტული სტატისტიკა, რამდენმა კომპანიამ შეასრულა ვალდებულებები, რამდენს, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დაეკისრა პირგასამტეხლო, ან რამდენ კომპანიას საერთოდ ჩამოაწერა სახელმწიფომ ის საინვესტიციო პირობები, რის გამოც მას ქონება 1 ლარად გადაეცა. არც ისაა ცნობილი, რა კრიტერიუმით ხდება კონკრეტული ქონების კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

უფრო მეტიც, ამ 12 წლის განმავლობაში არც ერთ უწყებას, პირველ რიგში კი, ეკონომიკის სამინისტროს, რომლის საკუთრებაში არსებული ქონებების 1 ლარად გასხვისებაც ხდება, არ წარმოუდგენია ანალიზი, რა შედეგი მოუტანა ამ პრაქტიკამ იმ კონკრეტულ ქალაქებსა თუ სოფლებს, რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობს ესა თუ ის ქონება და რომელთა განვითარების კეთილშობილურ მიზანსაც ემსახურება ამ ქონებების გასხვისება, რა მოუტანა ამ ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას – დასაქმდნენ თუ არა ისინი, მიიღეს თუ არა საერთოდ რაიმე კონკრეტული ბენეფიტები. ამ კითხვებზე პასუხებს ვერცერთი უწყებისგან მიიღებთ, რადგან სახელმწიფო ამის მონიტორინგსა და ანალიზს, უბრალოდ, არ აკეთებს.

ამის პარალელურად კი, მარტივი დასადგენია, მინიმუმ რამდენი ლარი დაკარგეს ადგილობრივმა ბიუჯეტებმა იმით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება არა აუქციონის წესით, არამედ 1 ლარად გაასხვისეს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით მიღებული სახსრებიდან ცენტრალურ ბიუჯეტში თანხის 65%, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტში 35% რჩება.

გამოდის, რომ ბოლო ხუთ წელში მუნიციპალურმა ბიუჯეტებმა ჯამში, მინიმუმ, 33 მილიონი ლარი დაკარგეს.

თუმცა, უმჯობესია, კონკრეტულ მაგალითებს გავყვეთ.

ბახმარო – 43 269 კვ.მ. ფართობის მიწა “ორბი ჯგუფს” 1 ლარად

ბოლო და ყველაზე გახმაურებული ამბავი, რომელსაც საზოგადოების პროტესტიც კი მოჰყვა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში “ორბი ჯგუფისთვის” 1 ლარად გაცემული სახელმწიფო ქონებაა. ამ კომპანიას ეკონომიკის სამინისტრომ 43 269 კვ.მ. მიწა კონკრეტული საინვესტიციო პირობით გადასცა.

კურორტი ბახმარო ერთ-ერთია იმ დასახლებებს შორის, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობა არაფერს, სახელმწიფო კი ყველაფერს ფლობს. წინა და ახლანდელი ხელისუფლებაც არაერთხელ აანონსებდნენ, რომ ბახმაროს ევროპული დონის კურორტად აქცევდნენ, თუმცა, ათწლეულების განმავლობაში მას დასახლების სტატუსიც კი არ ჰქონდა და დაბის სტატუსი, ადგილობრივი ხელისუფლების დიდი ხნის ძალისხმევის შედეგად, მხოლოდ 7 თვის წინ – 2019 წლის იანვარში მიენიჭა.

ეს უნიკალური კურორტი, შესაძლებელია, ოთხივე სეზონზე მართლაც მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად და ისეთი ღარიბი მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც ჩოხატაურია, მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროდ აქციო, თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას ბახმაროდან ჯერ მხოლოდ პრობლემები აქვს, არ ფლობს და ვერ განკარგავს საკუთარ დასახლებაში არსებულ ქონებას და, შესაბამისად, ვერც ამ ქონებიდან შემოსავალს იღებს. ცენტრალური ხელისუფლების წყალობით კი, მისი მიღების პერსპექტივა კვლავაც ბუნდოვანია.

როგორც უკვე გითხარით, ადგილობრივი თვითმმართველობა ბახმაროში, ფაქტობრივად, არაფერს ფლობს. მის საკუთრებაში ერთადერთი უძრავი ქონებაა – 1200 კვ.მ.-ზე დამაგრებული 400 კვ.მ. ყოფილი პოლიკლინიკის შენობა.

მოდით, ვნახოთ, მთლიანად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რას ფლობს ადგილობრივი თვითმმართველობა და რას – ეკონომიკის სამინისტრო.

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან მუნიციპალიტეტს ნახევარი ჰექტარი ეკუთვნის, სახელმწიფო საკუთრებაში კი 1328 ჰა მიწაა. იმის გამო, რომ ეკონომიკის სამინისტრო მუნიციპალიტეტს მიწას არ აძლევს, ადგილობრივ თვითმმართველობას ამ 0.5 ჰა მიწის გამოსყიდვა კერძო მესაკუთრეებისგან მოუწია იმისათვის, რომ ადგილობრივი საჭიროებები დააკმაყოფილოს, მაგალითად, მოაწყოს სასაფლაო და ა.შ.
  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან მუნიციპალურ ბალანსზე 4 ჰექტრამდე მიწაა, ეს მაშინ, როცა სახელმწიფოს ბალანსზე 202 ჰექტარია. 
  • ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარ მუნიციპალიტეტში საძოვრებს საერთოდ არ ფლობს, სამაგიეროდ, 7 ჰექტარი აქვს სახელმწიფოს, რომელსაც, სხვა ქონებების მსგავსად, პრაქტიკულად, ვერც კი განკარგავს. 

ჯამში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შარშან 5 ათას ლარამდე შევიდა, საიდანაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, კანონმდებლობის თანახმად, 35%, ანუ 1 700 ლარი შეხვდა, შარშანწინ კი – 7 000 ლარზე ცოტა მეტი, საიდანაც ადგილობრივი ბიუჯეტის წილმა 2 500 ლარი შეადგინა.

აი, ასეთია შედეგი, რომელიც მიწების სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირების პირობებში ადგილობრივ თვითმმართველობებში დგება და ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული მუნიციპალიტეტის პრობლემა.

ამ ციფრებიდანაც ნათლად ჩანს, რომ, მიუხედავად მთავრობის მიერ, ერთი შეხედვით, დეცენტრალიზაციის გაცხადებული პოლიტიკისა, ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ქვეყანაში სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა და შენობა-ნაგებობების ყველაზე დიდი მეპატრონეა, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემას ისევ არ ჩქარობს და ამბობს, რომ მას თვითონ მიხედავს. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ წყალტუბოში გამართულ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ მერები დამოძღვრა კიდეც, რომ თითოეულ ქონებას შვიდ განზომილებაში (!) შეხედონ და სახელმწიფოსგან მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემა ისე მოითხოვონ. ეკონომიკის სამინისტროს რომ ჰკითხოთ, ამ ქონების უმეტესობა ერთიან საინვესტიციო პაკეტად უნდა განიხილონ და გადაწყვეტილებებიც ასე მიიღონ.

სწორედ ასე, ერთიან საინვესტიციო პაკეტად განიხილა საქართველოს მთავრობამ ბახმაროც და გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 მიწის ნაკვეთი 7 თვის წინ შექმნილი კომპანიისთვის, შპს “ორბი ჯგუფი ბახმაროსთვის”, პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად გადაეცა. აღნიშნული 9 ნაკვეთი 43 269 კვ.მ ფართობს მოიცავს. კომპანიას, ასევე, გადაეცა ამ მიწაზე დამაგრებული 7 შენობა-ნაგებობაც, რაც, ჯამში, 749.76 კვ.მ.-ია. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განკარგულებას ხელი 15 მაისს მოაწერა.

ეს კომპანია შვიდი თვის შექმნილი კია, თუმცა, იმ “ორბი ჯგუფს” წარმოადგენს, ვინც ბათუმში ცათამბრჯენებს ერთმანეთის მიყოლებით აშენებს. კომპანიის 100%-ის მფლობელი ზვიად ზოიძე, ასევე, ფლობს “შპს ორბი ჯგუფს”, “ორბი მენეჯმენტ ჯგუფს”, “ორბი ლოჯისტიკ ჯგუფს”, “ორბი ჯგუფი ბათუმს” და ა.შ. და ა.შ. ყველა ამ კომპანიის დირექტორი კი ირაკლი კვერღელიძეა. ნიშანდობლივია, რომ ზოიძეს და კვერღელიძეს, 2014 წლიდან 2018-ის არჩევნების ჩათვლით, მმართველი პარტიისთვის რამდენიმე ათეულ ათასი აქვთ შეწირული.

რა ვალდებულებებით მისცა სახელმწიფომ 1 ლარად ქონება კომპანიას?

იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ქონების მიმართ უუფლებოა, მისი ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებში არც კი ჩაურთავთ. ინვესტორთან მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებდა. შესაბამისად, პირობებიც, რომელიც “ორბი ჯგუფი ბახმაროს” დაუდგინდა, სრულად ამ უწყების მიერაა შემუშავებული.

როგორც განკარგულებდან ირკვევა, კომპანიამ პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით, აღნიშნულ ქონებაზე, ან მის ნაწილზე 5 წლის ვადაში უნდა ააშენოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო ან სასტუმროები, კომერციული ფართები, კვების ობიექტები, სპორტული მოედნები და ა.შ. კომპანიამ, ჯამში, პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით, 50 მილიონი ლარის (დღგ-ის გარეშე) ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აღნიშნული პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფომ კომპანიას საინვესტიციო თანხის 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუდგინა. საბანკო გარანტია საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას 4 თვით უნდა აღემატებოდეს.

ამავე განკარგულებით, დადგენილია შეზღუდვაც, რომლითაც შპს “ორბი ჯგუფი ბახმაროს”, სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის განმავლობაში, ბახმაროს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა არ შეეძლება, თუმცა, მხოლოდ 10 წლის განმავლობაში. რის უფლებას მიიღებს 10 წლის შემდეგ კომპანია, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

რა დაკარგა და რას მიიღებს მუნიციპალიტეტი ამ გარიგებიდან?

მიწა, რომელიც კომპანიას 1 ლარად გადაეცა, ოფიციალურად 7 123 400 ლარად არის შეფასებული, ანუ იმდენივე ღირს, რაც ჯამურად, ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ტრანსფერების გარეშე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლებია.

ცხადია, აუქციონის წესით გაყიდვის შემთხვევაში, ეს თანხა გაცილებით მეტი იქნებოდა, თუმცა, არსებული მოცემულობიდან თუ გამოვალთ, ვნახავთ, რომ ისედაც მწირი შემოსავლების მქონე მუნიციპალიტეტმა ამ ერთი გარიგებით მინიმუმ 2 493 190 ლარი დაკარგა, ანუ იმის მესამედი, რაც მისი ყოველწლიური საკუთარი შემოსავალია. აღარაფერს ვლაპარაკობთ იმაზე, რა შემოსავალს მიიღებდა ადგილობრივი ბიუჯეტი იმ შემთხვევაში, ეს მიწები, არა სახელმწიფოს, არამედ მის საკუთრებაში რომ ყოფილიყო.

ვინც ბახმაროში ყოფილა, ყველამ იცის, რამდენად გაუმართავი ინფრასტრუქტურაა იქ – მოუწესრიგებელია გზები, წყალმომარაგება, გარეგანათება და ა.შ. და ა.შ. ინვესტორს კი, რომელიც აქ რაიმეს ააშენებს, ეს ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტმა უნდა დაახვედროს, ანუ, გამოდის, რომ მუნიციპალიტეტმა, რომელმაც მის ტერიტორიაზე არსებული მიწის გასხვისებიდან 1 თეთრიც კი ვერ მიიღო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქეთ უნდა დახარჯოს ფული.

თვითმმართველობის კოდექსით, ამ საკითხების მოგვარება სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებაშია გაწერილი, მაგრამ მუნიციპალიტეტი, რომლის უმთავრეს შემოსავალსაც “ნაბეღლავის” ქონების გადასახადიდან შემოსული თანხები წარმოადგენს, სხვა შემოსავლები კი, ფაქტობრივად, არ გააჩნია, ვერ განკარგავს მის ტერიტორიაზე არსებულ ქონებას, რაც მისსავე შემოსავლებს აკლდება, ცხადია, ბახმაროში ამ ინფრასტრუქტურის მოწყობას დამოუკიდებლად, უბრალოდ, ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ, უკვე წლებია, იმ საკითხებზე, რასაც თვითმმართველობა უნდა აგვარებდეს, ცენტრი, ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზრუნავს. თუმცა, ბახმაროსნაირი “ლოკაცია” სამინისტროს და ფონდს 64 მუნიციპალიტეტში არსებული 3700-მდე სოფელი აქვთ, ამიტომაც, ერთი ცნობილი მულტფილმისა არ იყოს, “მარტო მუშაობს და არ იცის, როდის იქნება მზად”.

ბახმაროს კიდევ ერთი პრობლემა უკანონო მშენებლობებია. ეს პრობლემა აქ წლებია, დგას, თუმცა, მისი მომგვარებელი უწყება ვერა და ვერ გამოჩნდა. იმის გამო, რომ დაბაში მიწები სახელმწიფოს ეკუთვნის, ჩოხატაურის მერია ქმედითი ვერაა, სახელმწიფო, ანუ ეკონომიკის სამინისტრო კი შორსაა და ბახმაროში ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას, უბრალოდ, ვერ ხედავს. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ჯარიმის გამოწერის, ან დემონტაჟის მოთხოვნის გამო უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი პირები ადგილობრივ ჩინოვნიკებს სახლის გადაწვითაც კი დამუქრებიან. მოკლედ, ამის ნიადაგზე თვითმმართველობის მოხელეებსა და უკანონო მესაკუთრეებს შორის კონფლიქტი არაერთხელ მომხდარა. ამ მდგომარეობაში კი ბახმაროს დამტკიცებული გენგეგმით განაშენიანება, ინვესტიციების მოზიდვა და დაბის ტურისტული პოტენციალის ამაღლება ძალიან გართულდება.

როგორც ხედავთ, ნათელია, რა დაკარგა მუნიციპალიტეტმა სახელმწიფოსა და “ორბი ჯგუფის” ამ გარიგებიდან, მაგრამ ჯერ-ჯერობით, უცნობია, რას მიიღებს მისგან თვითმმართველობა, იმიტომ, რომ არავინ იცის, თუნდაც, რამდენი ადამიანი დასაქმდება აქ, რას მოუტანს 50-მილიონიანი ინვესტიცია ადგილობრივ ბიუჯეტს, რომელიც სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იხარჯება. სამაგიეროდ, თუ თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ კანონით, ბახმაროს ტურისტულ ზონად გამოაცხადებენ, ეს ობიექტი საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს და ქონების გადასახადსაც კი, რომელიც ამ დროისთვის თვითმმართველობებისთვის, პრაქტიკულად, ერთადერთი შემოსავლის წყაროა, აღარ გადაიხდის.

აი, ასეთ თავდაყირა სისტემაში ვცდილობთ, განვავითაროთ მუნიციპალიტეტები, მოვიზიდოთ ინვესტიციები, შევქმნათ სამუშაო ადგილები, სოფელს დავუბრუნოთ და დავასაქმოთ დიდ ქალაქებსა თუ საზღვარგარეთ სარჩოს საძიებლად გახიზნული ჩვენი მოქალაქეები. არადა, ცხადია, რომ ეს თავდაყირა და აბსურდული სისტემა, რომლის ანალოგიც, განვითარებულ ქვეყნებში საერთოდ არ არსებობს, სწორედ ამ განვითარების შანსს, უბრალოდ, კლავს.

ამასობაში კი, უკვე 30 წელია, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული ადამიანები სვამენ შეკითხვას: რატომ ვინარჩუნებთ სისტემას, რომელიც კლავს?! პასუხი არაა…