მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის ცენტრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 4.7 მილიონი ლარია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორაციით, სრულად რეაბილიტირდა შენობა, მოეწყო საზაფხულო ამფითეატრი და ღია ავტოსადგომი. ასევე, კეთილმოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორია.
“ეს არის კულტურის ცენტრი, რომელიც იქნება განახლებული სახლი სვანეთის, მესტიის მოსახლეობისთვის და პირველ რიგში 90-წლიანი გამოცდილების ანსამბლი „რიჰოსთვის“. ეს დიდი მომავლის მქონე ანსამბლია და განახლებული სივრცე მის მრავალრიცხოვან წევრებს მისცემს საშუალებას, იფიქრონ ახალ გეგმებზე, გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობებზე. ფოლკლორის ცენტი იქნება საყვარელი ადგილი არამარტო მესტიელებისთვის, არამედ, მესტიის სტუმრებისთვისაც”,- განაცხადა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა .
როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაბა მესტიაში ფოლკლორის ცენტრი არ არსებობის გამო ადგილობრივ ანსამბლებს და ფოლკლორით დაინტერესებულ მოსახლეობას სათანადო პირობებში მუშაობისა და განვითარების საშუალება არ ჰქონდათ. მათი თქმით, ახალი შენობა ადგილობრივ ანსამბლებს საშუალებას მისცემს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონცერტო დარბაზში ჩაატარონ რეპეტიციები, კონცერტები და გამართონ სხვადასხვა ღონისძიებები.